''პაპუგოლი'' - ქართველი ''სარაგოსას'' ლიდერად ყალიბდება
საფეხბურთო კლუბ “სარაგოსას’’ ქართველი ლეგიონერის გიორგი პაპუნაშვილის შესახებ zaragoza.eldesmarque-ი წერს. “პაპუგოლი’’ - ასეთი მეტსახელი უწოდეს “სარაგოსაში’’ ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც ლა ლიგა 2-ის უკანასკნელ ორ ტურში 2 გოლი შეაგდო.
პაპუნაშვილის ანგარიშზე სადებიუტო სეზონში 939 წუთში 4 გოლია. გარდა ამისა სამეფო თასზე ჩატარებულ 3 მატჩში, მინდორზე გატარებულ 198 წუთში 1 გოლით დაეხმარა გუნდს. გიორგისთვის აპრილის თვე საუკეთესოა “სარაგოსაში’’ ყოფნის პერიოდში.
პაპუნაშვილი ''სარაგოსას'' საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელსაც შეუძლია ''სარაგოსას'' დიდი დახმარება გაუწიოს მიზნის მიღწევაში, რაც ლა ლიგაში აღზევებას გულისხმობს.

პაპუნაშვილი გუნდის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზეა. ქართველმა მოთამაშემ სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრესირებდა. 22 წლის ფეხბურთელი წინსვლას აგრძელებს და მისი თამაშის ხარისხი უმჯობესდება.
გიორგის თანაგუნდელმა ხორხე მარკოსმა მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა, თუმცა ქართველთან შედარებით გაცილებით დიდი დრო გაატარა მინდორზე. პაპუნაშვილმა 939 წუთი ითამაშა, მარკოსმა კი - 1672. არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე პაპუნაშვილი გაცილებით პროდუქტიულია.
აღნიშნულ სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან, სადაც თამაშებს მცირე რაოდენობის გულშემატკივარი ესწრება, ესპანეთის ჩემპიონატში კარიერის გაგრძელება არ არის ადვილი.

“სარაგოსას’’ მთავარი მწვრთნელის, ნაჩო გონსალესის აზრით პაპუნაშვილმა კარიერის ესპანეთში გაგრძელების შემდეგ პროგრესი განიცადა. მძიმედ დაწყებული ადაპტაცია წარმატებულმა მატჩებმა შეცვალა. ნაჩო გონსალესის თქმით ფეხბურთელმა ესპანური ენის ცოდნა გააუმჯობესა. მას უკვე შეუძლია მთავარ მწვრთნელთან თუ თანაგუნდელებთან ესპანურ ენაზე საუბარი.
პაპუნაშვილის მორიგი გოლი - ქართველმა ''ალმერიას'' გაუტანა

ლა ლიგა 2-ში ამჟამად სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის. გიორგი პაპუნაშვილის გარდა ''ხიმნასტიკში'' ოთარ კაკაბაძე ასპარეზობს, ხოლო ''სევილია ბ''-ს რიგებში გიორგი აბურჯანია ირიცხება. 2012 წელს სამივე ფეხბურთელი საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში თამაშობდა, როცა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდა.
