''ვირტუალური თილისმა'' - ''ევერტონის'' ინოვაცია თანამედროვე ფეხბურთში
Aa
Aa

''ვირტუალური თილისმა'' - ''ევერტონის'' ინოვაცია თანამედროვე ფეხბურთში

როდესაც პრემიერლიგის გასულ ტურში “ნიუკასლთან’’ მატჩამდე “ევერტონის’’ კაპიტანი ფილ იაგიელკა “გუდისონ პარკის’’ მინდორზე გადიოდა, მას ხელში რობოტი ეჭირა წარწერით: “დღეს მე ვარ თილისმა.’’  “ევერტონმა’’ გამოიყენა მსოფლიოში პირველი “ვირტუალური თილისმა’’ რობოტი AV1-ის სახელწოდებით.

14 წლის ჯეკ მაკლინდენი ლივერპულიდანაა და ‘‘ევერტონს’’ ქომაგობს. ჯეკი ჯანმრთელობის პრობლემის გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. გასულ ორშაბათს ჯეკი გახდა მსოფლიოში პირველი, ვინც “ვირტუალური თილისმა’’ გამოიყენა. ''კანფეტების'' ქომაგი რობოტ AV1-ის დახმარებით ვირტუალურად დაესწრო “ევერტონისა’’ და “ნიუკასლის’’ შეხვედრას.

ნორვეგიაში დამზადებულ თანამედროვე ტექნოლოგიას აქვს კამერა, მიკროფონი და სპიკერი. რობოტი ჯეკს IPad-ის საშუალებით უკავშირდება და საშუალებას აძლევს საწოლში მყოფმა სტადიონზე არსებული ატმოსფერო შეიგრძნოს.

აღნიშნულ საკითხზე კლუბთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია WellChild-მა და კომპანია No Isolation-მა იზრუნეს.

ჯეკ მაკლინდენის დედამ აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მისმა შვილმა ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. მან  აღნიშნულ კომპანიებსა და ინგლისურ კლუბს მადლობა გადაუხადა.

''ვირტუალური თილისმა'' მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც განათავსეს. შეხვედრა ''ევერტონის'' გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე თეო უოლკოტმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები