ატლეტიკოში გადასვლას აჭიანურებს - რომერო ბარსელონას ზარს ელოდება
ახალი არავისთვის არის, რომ კუტი რომერო ტოტენჰემს სულ მალე დატოვებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს არგენტინელი უკანახაზელი და სად გააგრძელებს კარიერას.
ამ ეტაპზე ყველა გზა მადრიდის „ატლეტიკოსკენ“ მიდის, თუმცა ტრანსფერი ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.
არგენტინის ნაკრების ცენტრალური მცველი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს და ელოდება, კიდევ რა ნაბიჯებს გადადგამს „ბარსელონა“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რონალდ არაუხო „ლივერპულში“ გადავიდა.
კუტი რომეროს სახელი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად უკავშირდება „ბარსელონას“. 28 წლის მცველი კლუბის სპორტულ დირექტორ დეკუს მოსწონს, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ ყოფილა, რადგან კატალონიელებმა პრიორიტეტი სხვა პოზიციებს მიანიჭეს და რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაც არის საჭირო.
ეს ვითარება კვლავ უცვლელია. „ბარსელონას“ მთავარი პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება და როდრის ტრანსფერის დასრულებაა.
ამასთან, კლუბში დეკუ და ჰანსი ფლიკი მიიჩნევენ, რომ ცენტრალური დაცვის პოზიცია ამჟამად საკმარისად არის დაკომპლექტებული. გუნდში არიან პაუ კუბარსი, ჟერარ მარტინი, ანდრეას კრისტენსენი და სარეზერვო გუნდის მცველი ალვარო კორტესი, რომელიც რონალდ არაუხოს წასვლის შემდეგ მისი შემცვლელის მთავარი კანდიდატია.
გარდა ამისა, ცენტრალური დაცვის პოზიციაზე საჭიროების შემთხვევაში თამაში ერიკ გარსიასა და ჟიულ კუნდეს შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, დეკუ კუტი რომეროს მაღალი შეფასებით აფასებს და ფეხბურთელის აგენტ ჩირო პალერმოსთან უკვე ჰქონდა კონტაქტი.
თავის მხრივ, „ტოტენჰემი“ არგენტინელ ფეხბურთელთან განშორებისთვის მზად არის. ლონდონურმა კლუბმა რომეროს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ ევროდ შეაფასა. ამ დროისთვის „ატლეტიკომ“ მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.