„უსმანს ისლამის რჩევები დაეხმარა“ - მენდესი ნურმაგომედოვის ნოკაუტზე
უსმან ნურმაგომედოვმა PFL-ში გამოსვლა არჩი კოლგანთან ბრწყინვალე ნოკაუტით დაასრულა და უახლოეს პერიოდში UFC-ის დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც რამდენიმე კვირაში უწევს უმნიშვნელოვანესი ჩხუბის გამართვა, უსმანის მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებოდა P4P რეიტინგის ლიდერი ისლამ მახაჩევი და როგორც ირკვევა, ნურმაგომედოვმა ნოკაუტი მისი რჩევების სწორი ათვისებით შეასრულა. ამის თაობაზე დაღესტნელი მებრძოლების მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა ისაუბრა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მახაჩევი კუთხეში იდგა და ჩვენზე მუშაობდა (იცინის). სიმართლე გითხრათ, სწორედ მისი კარგი რჩევების გათვალისწინების შემდეგ დაასრულა ნურმაგომედოვმა ბრძოლა ნაადრევად. ისლამმა უსმანს დაუძახა, რომ მეტოქე აიძულებინა დაბლა დახრილიყო, რის შემდეგაც მისთვის მაღალი დარტყმა გაეტარებინა. ხომ ნახეთ, ყველაფერი ასე მოხდა. იცით, რა გამახსენდა? ანალოგიური სწორი რჩევით თავის დროზე მახაჩევმა ვოლკანოვსკი გათიშა, როდესაც მწვრთნელმა მაგომედმა დაუძახა, რომ ჰაი-კიკის დრო იყო მოსული“.
სხვათა შორის, უსმან ნურმაგომედოვთან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა მებრძოლმა დემეტრიუს ჯონსონმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ დენა უაითის ადგილას რომ იყოს, უსმანის ნებისმიერ ფინანსურ მოთხოვნას დააკამაყოფილებდა, რადგან მისი სახით ორგანიზაციას ნამდვილი ვარსკვლავი შეემატება.