„რემატჩის შანსი თავად გაინადგურეს“ - კორმიე ჩიმაევსა და სტრიკლენდზე
შონ სტრიკლენდთან საჩემპიონო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ ხამზატ ჩიმაევი ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვს რემატჩის ჩანიშვნას და რადგან ჯერჯერობით ამერიკელისგან არანაირი პასუხი არ აქვს, მას ღიად და დაუფარავად ლაჩარს უწოდებს. სტრიკლენდის გარდა, სავარაუდოდ ამ მებრძოლების დაპირისპირებით დიდად აღარც UFC-ის ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი, რისი მიზეზიც ლეგენდარულმა მებრძოლმა და ამჟამად კომენტატორის ამპლუაში მომუშავე დენიელ კორმიემ მშვენივრად ახსნა.
რას ამბობს კორმიე
ხამზატმა და შონმა ბრძოლის დასრულების შემდეგ თავისი ლეგენდარული მეტოქეობა დამარხეს და რემატჩის ყველანაირი შანსი გაანადგურეს. სტრიკლენდმა ისიც თქვა, რომ შეურაცხმყოფელ ფრაზებს მხოლოდ ჩხუბის მასშტაბის გასაზრდელად ისროდა. ამით მან ყოველგვარ საიდუმლოებას ფარდა ახადა და პრაქტიკულად თქვა, რომ რემატჩს აზრი არ აქვს.
არადა, ეს წლის ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება იყო და მის გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი გრანდიოზული გახლდათ. წარმოიდგინეთ, ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ჩემს ტრადიციულ რუბრიკაზე უარი ვთქვი და ინტერვიუ არც ერთთან არ ჩავწერე, რადგან ერთმანეთს მოკვლას უპირებდნენ. თუმცა, როდესაც ბრძოლის შემდეგ შონმა მოიბოდიშა და გადაეხვია, მაშინვე ვიფიქრე, რომ დენა მათ მეორე დაპირისპირებას აღარ ჩანიშნავდა.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო დაპირისპირება ხამზატ ჩიმაევსა და შონ სტრიკლენდს შორის 10 მაისს გაიმართა და პირველი მათგანი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის შემდეგაც იქამდე დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა საჩემპიონო ტიტული პირველივე დაცვაზე დაკარგა.