''შახტარის'' რთული გამარჯვება - ქართველები ცენტრალურ მატჩში
Aa
Aa

''შახტარის'' რთული გამარჯვება - ქართველები ცენტრალურ მატჩში

უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერმა დონეცკის ''შახტარმა'' 4:2 დაამარცხა პოლტავას ''ვორსკლა.'' ხარკოვში გამართულ შეხვედრაში ''შახტარის'' 18-კაციან განაცხადში დავით ხოჭოლავა არ იმყოფებოდა. ''ვორსკლას'' მაისურით ანდრია გიორგაძემ და სანდრო კობახიძემ 90 წუთი ითამაშეს. მთავარმა მსაჯმა მე-7 წუთზე ანდრია გიორგაძე გააფრთხილა.

52-ე წუთისთვის ''შახტარი'' 3:0-ს იგებდა, თუმცა 52-ე და 63-ე წუთებზე სტუმრებმა ორი გოლი შეაგდეს. 52-ე წუთზე გატანილ გოლში წვლილი შეიტანა სანდრო კობახიძემ, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად პრესინგში მიიღო მონაწილეობა, რასაც ''შახტარის'' ფეხბურთელის შეცდომა და გოლი მოყვა.

 

მატჩის დასკვნითი ნაწილი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, თუმცა 88-ე წუთზე დენტინიოს საგოლე პასით ცვლილებაზე გამოსულმა ალან პატრიკმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და ლიდერმა სამი ქულა მოიპოვა.

უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ექვსეულში ''შახტარი'' 66 ქულით პირველ ადგილზეა. კიევის ''დინამო'' 60 ქულით მეორე ადგილს იკავებს, თუმცა მიმდინარე ტურის მატჩს ხვალ მეექვსეადგილოსან ვერეს ''რივნესთან'' ჩაატარებს. ''ვორსკლა'' 44 ქულით მესამე ადგილზეა, პოლტავურ გუნდს ბრინჯაოს მედლების მოპოვების დიდი შანსი აქვს, რადგან უშუალო კონკურენტ ''ზორიას'' 7 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები