მოგება გორშიც და კვიპროსშიც - გორელების საბრძოლო განწყობა
„დილა“ უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. გორის გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს „ვირტუსი“ ორი მატჩის ჯამში საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და დიდწილად მეკარე დავით კერესელიძის დამსახურებაც არის, რომ გორელები ევროტურნირებზე ასპარეზობას განაგრძობენ. კვიპროსის „აპოლონის“ სახით ამჯერად „დილას“ გაცილებით სერიოზული მეტოქე ჰყავს, თუმცა განწყობა რომ სერიოზულია, ამაზე ბერძენი მთავარი მწვრთნელის დიომანტის ვავალისისა და ლაშა მენთეშაშვილის კომენტარებიც მეტყველებს.
დიომანტის ვავალისი
მზადების პროცესში გვაქვს ბევრი პრობლემა - ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია, ტრავმები და სხვა, თუმცა ის მოთამაშეები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იქნებიან, ბოლომდე იბრძოლებენ და ვეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ. ბერძენი ვარ და კვიპროსელებთან დაპირისპირება ჩემთვის გარკვეწილად ემოციური იქნება, მაგრამ ახლა მთავარ საზრუნავს „დილას“ წარმატებებზე ფიქრი წარმოადგენს.
ლაშა მენთეშაშვილი
ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, თუმცა „დილაში“ საბრძოლო განწყობაა. ველოდებით ბევრ გულშემატკივარს, რადგან ისინი ჩვენს წარმატებაში უზომოდ დიდ როლს თამაშობენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოედანზე გავიდეთ და გავიმარჯვოთ როგორც პირველ, ასევე საპასუხო შეხვედრაში.
ცნობისათვის, „დილა“ - „აპოლონის“ შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ხვალ 20:00 საათზე დაიწყება. ორი მატჩის ჯამში წარმატების მიღწევის შემთხვევაში კი, გორელები მომდევნო ეტაპზე რუმინეთის „კლუჟსა“ და ნორვეგიის „ბრანის“ თამაშში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.