„შინ ვთამაშობთ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ქეცბაია ჟალგირისთან მატჩზე
ხვალ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში, „დინამო თბილისი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვურ „ჟალგირისს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ქეცბაიამ:
მათე ვაწაძის შესახებ
მათემ მცირე ტრავმის გამო გუშინ ვერ ივარჯიშა. როგორც უკვე აღვნიშნე, ის ფაქტი, რომ ჩემპიონატში ვითარება გამოვასწორეთ და ახლა ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, დიდწილად მისი დამსახურებაა, რადგან მან არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, ის ძალიან დადებითი პიროვნებაცაა. მიხარია, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს, რომელიც, მიუხედავად იმისა, თამაშობს თუ არა, ყოველთვის გუნდის გვერდითაა და ძალიან ეხმარება ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. რაც უფრო მეტი მათესნაირი ფეხბურთელი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება როგორც სამწვრთნელო შტაბისთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის.
თამაშის ხარისხი პირველ წრეში
შეიძლება ვინმეს ეგონა, რომ პირველი მატჩის შემდეგ საქმე გაგვიმარტივდებოდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ ჩატარებული შეხვედრებით უკმაყოფილო ვარ — გასვლაზეც მოვიგეთ და შინაც კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. თუმცა, მთავარია, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ. ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი მატჩისთვის ჩვენი გუნდი უკეთ იქნება მომზადებული და პირველ თამაშს კარგად ჩავატარებთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საშინაო შეხვედრა მოვიგოთ, რადგან საპასუხო მატჩის ჩატარება ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოგვიწევს. ჩვენ კი ასეთ საფარზე თამაშს არ ვართ მიჩვეულები. კარგ მოედნებზე გვიწევს თამაში. შეიძლება, ბევრი სტადიონი არ გვაქვს, მაგრამ სადაც ვთამაშობთ, ყველგან კარგი ბუნებრივი საფარია და არა ხელოვნური. რთული მატჩი იქნება, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მზადაა, მაქსიმუმი გააკეთოს მოსაგებად.
„ჟალგირისის“ შესახებ
მეტოქე ჩემპიონატში შეიძლება არ არის იმ პოზიციაზე, რომელზეც უნდა იყოს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. საკუთარ მოედანზე ყოველთვის კარგად თამაშობენ. პირველი ტური საკმაოდ მარტივად გაიარეს. მათი ჩემპიონატიც მიმდინარეობს, ბევრი მატჩი აქვთ ჩატარებული და მზად არიან, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენც კიდევ უფრო კარგად ვართ მომზადებულები ამ თამაშებისთვის. კარგია, რომ პირველი ეტაპი გადავლახეთ. შინ ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. იმედი მაქვს, სტადიონზე იმაზე მეტი გულშემატკივარი მოვა, ვიდრე წინა თამაშზე. მოკლედ, კარგ მატჩს ველოდებით.
ტრანსფერებისა და ლეგიონერების შესახებ
გუნდში უცხოელი ფეხბურთელები დავიმატეთ. ქართველებთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, თუმცა, სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისედაც ბევრი ქართველი გვყავს. ძალიან მიხარია, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი მოთამაშე ირიცხება. არ გვსურს ისეთი ფეხბურთელების დამატება, რომლებიც კარიერას ერთ ან ორ წელიწადში დაასრულებენ. გვირჩევნია, ჩვენს ახალგაზრდებს მივხედოთ და მათ მივცეთ შანსი. ისინი მართლაც ნიჭიერები არიან და სასიამოვნოა იმ პროგრესის ყურება, რასაც თითოეულ ვარჯიშსა და თამაშზე აჩვენებენ.
ჩემპიონატის დონის შესახებ
არა მგონია, მთავარი პრობლემა მხოლოდ გულშემატკივრის დასწრება იყოს. ჩემპიონატი საკმაოდ დაბალ დონეზეა და ამის მთავარი მიზეზი ფინანსებია. დღევანდელ ფეხბურთში ფული გადამწყვეტ როლს თამაშობს. ინვესტიციებია საჭირო, რათა იმ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც უკვე გვყავს, გამოცდილი და მაღალი კლასის ლეგიონერები დავიმატოთ და გუნდები გავაძლიეროთ. კარგად იცით, რა ხდება ჩვენს გარშემო — მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანსა თუ ყაზახეთში. მათი კლუბები იმიტომ კი არ არიან ძლიერები, რომ განსაკუთრებული ადგილობრივი თაობა გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ დიდი ფინანსური რესურსი აქვთ და კვალიფიციური უცხოელების ჩამოყვანას ახერხებენ. ჩვენთან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩამოდიან იმ დონისა და რაოდენობის ლეგიონერები, რომ ჩემპიონატის საერთო ხარისხმა აიწიოს. ამ კუთხით ძალიან ბევრია სამუშაო ყველა მიმართულებით. იმისათვის, რომ ქართულ ფეხბურთში ფული შემოვიდეს, ორი მთავარი პირობა უნდა შესრულდეს: პირველი — სტადიონზე უნდა მოვიდეს გულშემატკივარი, და მეორე — ტელევიზიებმა ტრანსლაციებში ფული უნდა გადაიხადონ. ახლახან დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელმაც 15 მილიარდი გამოიმუშავა. თავად განსაჯეთ, რამხელა თანხებზეა საუბარი, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მსგავსი სისტემა ჯერ არ მუშაობს. ამაზე მხოლოდ საუბარი არ კმარა — ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ფული უნდა ჩაიდოს. სახეობაზე მეტი უნდა ვისაუბროთ და ტელევიზიებით მეტად უნდა გავაშუქოთ. სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია არ არის იმ ნიშნულზე, რასაც ქართული ფეხბურთი იმსახურებს და რა დონეზეც უნდა იყოს.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს გუნდს, მომდევნო თამაშისთვის გარკვეულ ფეხბურთელებს სათამაშო დროს აუცილებლად მივცემთ. კლუბში ჩვენი მოსვლისას ხელმძღვანელობასთან უკვე გვქონდა საუბარი და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. ისინი ყველანაირად ცდილობენ, დაგვეხმარონ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ფეხბურთელი დავიმატოთ და გუნდი უკეთესი გავხადოთ. მართალია, მცირე დროში ყველაფრის იდეალურად დალაგება რთულია, მაგრამ მთავარია, რომ მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს.
მიზნები მიმდინარე სეზონში
გვინდა ჩემპიონობა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიყვანეთ და პირველი წრე გადავლახეთ. ვიმედოვნებთ, რომ მეორე წრეშიც ვიბრძოლებთ და ყველაფერს ვიღონებთ დაბრკოლებების გადასალახად. ადვილი არ იქნება, მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს. მით უმეტეს, თბილისის „დინამოს“ სახელი ავალდებულებს, რომ ყოველივე დანარჩენი გვერდზე გადავდოთ — კლუბი უნდა იყოს ისეთივე, როგორიც ის თბილისელ გულშემატკივარს ახსოვს.
იმისათვის, რომ მიზნებს მივაღწიოთ, ბრძოლაა საჭირო, ამ პროცესში კი გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. გვსურს, სტადიონზე რაც შეიძლება მეტი ფანი მოვიდეს.
თადარიგში მყოფი ფეხბურთელების როლი პირველ წრეში
როდესაც ფეხბურთელები შეცვლაზე შედიან, მათ თამაშის სვლაში თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. ვინც ჩაერთო, კარგად ითამაშა და გუნდს დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ვერ მოვეგეთ, ეს შედეგი მაინც წარმატებად ჩავთვალეთ, რადგან შემდეგ ეტაპზე გავედით. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ხვალინდელ თამაშსაც შესაბამისად ვნახავთ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „ჟალგირისის“ მატჩი 23 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.