გუნდს გლაზგოში არ გაყვა - ზურიკოს ტრანსფერი გადაწყვეტილია?
რამდენიმე საათის წინ, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში გაემგზავრა, სადაც „რეინჯერსთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
როგორც ფრანგული მედია იუწყება, გლაზგოში გუნდთან ერთად არ გაემგზავრნენ გუნდის ლიდერები - ზურიკო დავითაშვილი და ლუკას სტასინი. როგორც ფრანგული foot1 წერს, მოსალოდნელი იყო, რომ „სენტ-ეტიენს“ შოტლანდიაში რამდენიმე ფეხბურთელი არ გაყვებოდა, თუმცა დავითაშვილისა და სტატისინის განაცხადს მიღმა დატოვება ნამდვილად გასაკვირი აღმოჩნდა. ეს კი იმ გარემოებისკენ მიუთითებს, რომ ქართველი და ბელგიელი შემტევები „სენტ-ეტიენს“ უახლოეს პერიოდში დატოვებენ და მათი გლაზგოში არგამგზავრების მიზეზიც ეს გახდა.
რაც შეეხება ტრავმას, ეს გარემოება თავიდანვე გამოირიცხა, რადგან ორივე ფეხბურთელმა ორი დღის წინ, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. შესაბამისად, ტრანსფერი ერთადერთი ვარიანტია, რის გამოც შესაძლოა გუნდის მთავარ მწვრთნელს ზურიკო დავითაშვილი და ლუკას სტასინი „რეინჯერსთან“ სამატჩო განაცხადში არ შეეყვანა. ასევე, საგულისხმოა, რომ ივლისში „სენტ-ეტიენმა“ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და დავითაშვილს მონაწილეობა არც ერთ მატჩში არ მიუღია.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ფრანგული მედიის ვარაუდია და რეალობა შესაძლოა, საერთოდ სხვა იყოს. „რეინჯერსის“ გარდა, „სენტ-ეტიენი“ ახალ სეზონამდე კიდევ ორ შეხვედრას გამართავს - 29 ივლისს „ლოზანას“ წინააღმდეგ და 1 აგვისტოს „ვენეციას“ წინააღმდეგ. ფრანგული კლუბი ლიგა 2-ის ახალ სეზონს 8 აგვისტოს, „სოშოსთან“ მატჩით დაიწყებს.