„აქ ყოველდღიურად ვვითარდები“ - ნიკოლოზ ჩიქოვანის ინტერვიუ უოტფორდთან
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა „უოტფორდის“ ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა და მთავარ გუნდში დებიუტისგან გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა. ქართველი ტალანტი ბევრ სიანტერესო თემასაც შეეხო.
საგულისხმოა, რომ ივლისში, ჩიქოვანი „უოტფორდის“ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ორ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა - 11 ივლისს, „ბორეჰემ ვუდის“ წინააღმდეგ მოედანზე 11 წუთი გაატარა და 14 ივლისს, „ბარნეტთან“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, სადაც 1 სრული ტაიმი ჩაატარა.
ინტერვიუმდე, „უოტფორდის“ ოფიციალური გვერდი ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე, „დინამო თბილისისა“ და „უოტფორდის“ ახალგაზრდული გუნდების თამაშს იხსენებს, რომელშიც ნიკოლოზ ჩიქოვანმა გოლი გაიტანა და სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ ინგლისელები ქართველი ტალანტის შეძენით. ჩიქოვანთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით იწყება.
ნიკოლოზ ჩიქოვანის ინტერვიუ:
„მახსოვს, კარგი თამაში მქონდა [დინამო თბილისის შემადგენლობაში] და, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ლოიდის, რომ შემამჩნია. გოლი გავიტანე და მახსოვს, ვიფიქრე, რომ „უოტფორდისგან“ შემოთავაზების მიღება დაუჯერებელი იყო. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია! პირდაპირ ჩამოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ყოველდღიურად ვვითარდები. აქ ყოფნით ძალიან ვტკბები“.
ჩიქოვანი, რომელმაც „უოტფორდში“ გადმოსვლის შემდეგ გარკვეული დრო ბელგიურ „ზებრა ელიტში“ იჯარით გაატარა, აღნიშნავს, რომ მას ადაპტაციაში თანამემამულეებმა – გიორგი ჩაკვეტაძემ და საბა გოგლიჩიძემ დიდი დახმარება გაუწიეს:
„ეს იყო ჩემი პირველი წელი ქვეყნის გარეთ, ოჯახის გარეშე, ამიტომ ისინი ძალიან დამეხმარნენ. პირველი რამდენიმე თვე ჩემთვის რთული იყო, მაგრამ რჩევები მომცეს და ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“,
„ბარნეტთან“ მატჩში ჩიქოვანი აქტიურობითა და მონდომებით გამოირჩეოდა:
„ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მიხარია, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ, რადგან ახლა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვინც სასტარტოში ვიყავით, ყველანი ახალგაზრდები ვართ და კარგად გამოვიყურებოდით. ეს გუნდური სპორტია და ყველამ ერთად ვიბრძოლეთ“.
„ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია გაუმჯობესება, შემდეგ კი მინდა, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“.
ნიკოკლოზ ჩიქოვანმა გასული სეზონი „უოტფორდის“ 21-წლამდე გუნდში გაატარა და იმედია, რომ ახალი სეზონიდან მთავარ გუნდში რაც შეიძლება მეტჯერ მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. „უოტფორდი“ 2026/27 წლების სეზონის 16 აგვისტოს, „საუთჰემპტონთან“ მატჩით დაიწყებს.