გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

ჯინჯოლავა: ქომაგი სტადიონზე მოვა, რადგან შედეგი და ხარისხი ვაჩვენეთ

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, „იბერიას'' კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ, პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა. მარცხენა მცველმა საუბარი პირველი შეხვედრის შეფასებით დაიწყო, რის შემდეგაც გულშემატკივრებს მიმართა და მათ სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდა.

პირველი მატჩის მეორე ტაიმში დაშვებულ შეცდომებზე

„პირველი ტაიმი მართლაც კარგი გამოვიდა, როგორც ხარისხის, ისე შედეგის თვალსაზრისით. რაც შეეხება მეორე ტაიმის ცუდად დაწყებას, ეს ფეხბურთში ხდება, მთელი 90 წუთი სტაბილურად ვერ ითამაშებ და სულ დომინანტი ვერ იქნები. არის გარკვეული პერიოდები და ასეთი იყო მეორე ტაიმის საწყისი 10-15 წუთიც, როცა ცოტა გაგვიჭირდა. ზუსტად მაგ დროს მივიღეთ მეორე გოლი. მინდა აღვნიშნო, რომ იმ მომენტში, ახალი წესების მიხედვით, ჩვენც 10 ფეხბურთელით ვიმყოფებოდით მოედანზე. ბევრმა დაწერა, 10-კაციანმა გუნდმა გოლი როგორ გაგიტანათო, მაგრამ კონკრეტულად იმ ეპიზოდში, როცა გოლი გავუშვით, ჩვენც 10 კაცით ვიყავით. ხდება ხოლმე, მთელ 90 წუთს ჩავარდნის გარეშე ვერ ჩაატარებ''.

ქომაგთა ფაქტორზე

„რაც უფრო მეტი ქომაგი მოვა სტადიონზე, მით უფრო მეტად მოტივირებულები ვიქნებით. ასეთ დროს ხარისხი და ტემპი მაღალია. გულშემატკივარი ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორია. ვფიქრობ, ხვალ ხალხი სტადიონზე მოვა, რადგან ანდრეის ტაქტიკისა და ფილოსოფიის დამსახურებით საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. გარდა ამისა, პირველი მატჩი მოვიგეთ. ვთხოვ ქომაგებს, სტადიონზე მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ. მგონია, რომ გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა მოვა და მიმდინარე ევროშესარჩევში მხარს დაგვიჭერს არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ქართულ კლუბებსაც''.

მეტოქის პლუსებზე 

„ფლორას’’ თავისი ძლიერი მხარეები აქვს და ეს უპირველესად კარგი ფიზიკური მომზადება. ისინი მაღალ ტემპში თამაშობდნენ და ბევრს მოძრაობდნენ, თუმცა, როგორც მათმა მწვრთნელმაც აღნიშნა, ჩვენ ტექნიკურად მათზე ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით. ვეცდებით, მათი პლუსები არ გამოვაყენებინოთ და შეხვედრა ჩვენთვის დადებითად დავასრულოთ''.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, „იბერია'' ესტონურ „ფლორას'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 14 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი „იბერიამ'' სტუმრად მოიგო (2:3) და საპასუხო შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

„იბერიას'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოედანზე სიმკაცრისა და ლიდერობის ჩვენება შეუძლია | კიოლნის მწვრთნელი ლოჩოშვილზე
მოედანზე სიმკაცრისა და ლიდერობის ჩვენება შეუძლია | კიოლნის მწვრთნელი ლოჩოშვილზე