მუნდიალის ბნელი მხარე - სორლოტის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან
მსოფლიო ჩემპიონატზე, ნორვეგიის ინგლისთან მარცხს, საკმაოდ მძიმე გაგრძელება მოყვა..
ნორვეგიელი თავდამსხმელის, ალექსანდერ სორლოტის მეუღლემ, ლენა სელნესმა, განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო სამართლებრივ ზომებს მიმართავს.
სელნესმა, რომელსაც ინსტაგრამზე 40 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, საკუთარ „სთორიში“ რამდენიმე შეტყობინების ეკრანის ანაბეჭდიც გამოაქვეყნა, რათა ეჩვენებინა, თუ რა მასშტაბის ონლაინ-შევიწროების მსხვერპლი გახდა მისი ოჯახი.
გავრცელებული შეტყობინებები განსაკუთრებით მძიმე შინაარსის იყო. ერთ-ერთში სორლოტს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებისკენ მოუწოდებდნენ, მეორეში კი ქვეყნის დატოვებასა და „კლდიდან გადახტომას“ ურჩევდნენ.
სელნესის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი უამრავ სიხარულთან ერთად, სამწუხაროდ, სიძულვილსაც იწვევს. მან ყველას მოუწოდა, მსგავსი შეტყობინებების გაგზავნამდე საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდნენ.
კრიტიკის მთავარი მიზეზი ინგლისთან გამართული მეოთხედფინალური მატჩის ეპიზოდი გახდა, როდესაც მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა თავად დაარტყა კარისკენ, ნაცვლად იმისა, რომ ბურთი კართან კარგ პოზიციაში მყოფ ჰოლანდისთვის გადაეცა.
This angle of Sørloth ignoring Haaland. The reaction from Haaland says it all man. He was frustrated and disappointed, just like the rest of us. pic.twitter.com/i1sf0SjAH7
— Geronimo Morgans (@GeronimoMorgans) July 12, 2026
მომხდარს ნორვეგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელიც, სტოლე სოლბაკენი გამოეხმაურა:
„ეს ტრაგიკული სიტუაციაა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები თანამედროვე პროფესიული სპორტის რეალობის ნაწილად იქცა.
ამიტომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ვურჩევ, რაც შეიძლება შორს იყვნენ სოციალური ქსელებისგან, რადგან ეს მათ მსგავსი თავდასხმებისგან გარკვეულწილად დაიცავს,“
— განაცხადა სოლბაკენმა.