ლუკა პარკაძე, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

შესაძლოა, პარკაძე საქართველოში დაბრუნდეს | დემჩენკოს კომენტარი

მიუნხენის „ბაიერნის’’ ყოფილი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე შესაძლოა საქართველოში დაბრუნდეს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი მოქმედ ჩემიონ „იბერიაში’’ ვარჯიშობს. თბილისური კლუბის უკრაინელი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო ლუკას აკვირდება. მის მომავალთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„ლუკა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, დაკვირვების პროცესში ვართ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ახლა „ფლორაზე'' ვფიქრობთ, თუმცა ლუკას ვაკვირდებით, მყავს ასისტენტები, რომლებიც ვარჯიშებს იწერენ, ამ მომენტში ერთ ფეხბურთელზე კონცენტრაციას ვერ მოვახდენ, ყველაფერი სავარჯიშო პროცესში გამოჩნდება'' - აღნიშნა დემჩენკომ.

2023 წლის ზაფხულში ლუკა თბილისის „დინამოდან’’ „ბაიერნში’’ გადავიდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია.  2023-24 წლების სეზონში „ადმირა ვაკერში’’ განათხოვრებით იმყოფებოდა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ ერთხელ ითამაშა. შემდეგ, ასევე იჯარით, გერმანიის რეგიონალური ლიგის  „ალტგლინიკეში’’ გამოდიოდა. 2025 წლის ზაფხულში ბაიერნისა და პარკაძის გზები გაიყო. 21 წლის გარემარმა, რომელიც ორივე ფლანგზე თამაშობს, გასული სეზონი ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „აუსტრია ზალბურგში'' გაატარა, 12 მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა. ამჟამად, თავისუფალი აგენტია.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, „იბერია'' ესტონურ „ფლორას'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 14 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი „იბერიამ'' სტუმრად მოიგო (2:3) და საპასუხო შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები