კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„მოგებას ვიმსახურებდით, ამით არაფერი მთავრდება“ - ანჩელოტიმ მარცხი შეაფასა

2025 წლის მაისში ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ხელმძღვანელებმა მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრები კარლო ანჩელოტის იმის იმედით ჩააბარეს, რომ საკლუბო დონეზე ყველაფრის მომგები იტალიელი სპეციალისტი დიდების მწვერვალზე სელესაოსაც დააბრუნებდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა და პენტაკამპეონებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ ნაადრევად დაასრულეს. ამჯერად ბრაზილიელებს ნორვეგიის ნაკრებმა მოუგო და მწარე მარცხის შემდეგ, ანჩელოტიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ვფიქრობ, შეხვედრა საერთო ჯამში კარგად წარვმართეთ, რადგან როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში რეალური საგოლე მომენტები გვქონდა. შემდეგ კი ცვლილებები განვახორციელე, რათა მატჩის მოგების მცდელობაში სიახლე და სიღრმე შემეტანა.

რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი უზომოდ დამწუხრებულია. თუ აქამდე განსაკუთრებით კარგად ვერ გამოვიყურებოდით, ნორვეგიასთან მშვენივრად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. როდესაც ასეთი მომენტი დგება, უნდა ჩათვალო, რომ მარცხი ახალი თავგადასავლების დასაწყისია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ პროგრესი, ახალი იდეების ძიება. ეს წაგება დასასრული კი არა, ახალი ციკლის დასაწყისია“.

შეგახსენებთ, რომ 2002 წლის ტრიუმფის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრები მომდევნო ექვს მუნდიალს ნაადრევად გამოეთიშა და ყველა შემთხვევაში ევროპულ გუნდთან დამარცხდა. 2006, 2010, 2018 და 2022 წლებში სელესაომ მეოთხედფინალში საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასთან და ხორვატიასთან წააგო, ხოლო 2014 წელს ნახევარფინალში გერმანელებთან 1:7 განადგურდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფიფას გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ“ - ბელგიელების განცხადება
„ფიფას გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ“ - ბელგიელების განცხადება