იძულებისა და ინიციატივის გარეშე - პერეირას ჯონსზე განწყობა შეეცვალა
ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას შორის ორთაბრძოლის გამართვის ჩაშლის შემდეგ, ბევრი მოელოდა, რომ ივნისში UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა ქვემძიმედან მძიმე წონით დივიზიონში გადასული ალექს პერეირასა და ჯონ ჯონსის დაპირისპირება იქნებოდა, თუმცა დენა უაითმა და ჰანტერ კემპბელმა „ბოუნსთან“ ჰონორარის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და არც ეს დაპირისპირება შედგა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ALF Global-ის Youtube-არხზე სტუმრობისას, პერეირამ ისაუბრა და ისეთი კომენტარი გააკეთა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისი და ჯონსის ორთაბრძოლა აღარასდროს შედგება.
ალექს პერეირა
თეთრი სახლის ეზოში ჩემი და ჯონ ჯონსის ჩხუბი მართლაც საინტერესო შესაძლებლობა იყო. როდესაც ამის თაობაზე ინფორმაციები გავრცელდა, ვიგრძენი, რომ შეიძლებოდა რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი გავმხდარიყავი. ეს იქნებოდა წარმოუდგენლად მასშტაბური მოვლენა და გამიჩნდა სურვილი, საკუთარი განცხადებებით ბრძოლის ჩანიშვნა კიდევ უფრო აქტუალური გამეხადა.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განწყობა რადიკალურად შემეცვალა. ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს და თუ დაჟინებით შემომთავაზებენ ჯონსთან დაპირისპირებას, ვიჩხუბებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირად ინიციატივას არ გამოვიჩენ. თუ დენა და ჰანტერი ამ ჩხუბით არ დაინტერესდებიან, ჩემი მხრიდან არაფერი არ იქნება. ამიერიდან ჩემს პროფესიონალურ კარიერაზე ვიზრუნებ და იძულებით აღარაფერს გავაკეთებ.
ცნობისათვის, ჯონ ჯონსის ნაცვლად ალექს პერეირამ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ფრანგ სირილ განთან იჩხუბა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, თუმცა ბრაზილიელი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ ფრანგმა მის წინააღმდეგ კეფაში არალეგალური დარტყმები გამოიყენა, რაც არბიტრს ჰერბ დინს არ უნდა გამოჰპარვოდა.