ფიზიევი ნოკაუტით დაბრუნდა - აზერბაიჯანელს BMF-ის ქამარი სურს
აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის მორიგ ივენთს, Fight Night 280-ს უმასპინძლა და ადგილობრივმა გულშემატკივარმა უამრავი საინტერესო ორთაბრძოლა, ბრუტალური ნოკაუტები და შთამბეჭდავი ფინიშები იხილა, თუმცა აზერბაიჯანელებს განსაკუთრებული სიხარული ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლად შერაცხულმა ადგილობრივი რაფაელ ფიზიევისა და მექსიკელი მანუელ ტორესის დაპირისპირებამ მოუტანა.
„პირველი რაუნდში შესრულებულმა მისმა ბოლო ჯებმა ჩემს თვალებში რაღაც შეცვალა, ყველაფერს ორად ვხედავდი და გადავწყვიტე მის დაფინიშებაზე მეზრუნა, რის გამოც მეორე რაუნდი შოკისმომგვრელად დავიწყე“ - ასეთი კომენტარი გააკეთა 33 წლის ფიზიევმა ბრძოლის დასრულების შემდეგ და აღწერა დაპირისპირების ის მონაკვეთი, ანუ მეორე რაუნდის საწყისი წამები, როდესაც მექსიკელი ნოკაუტში გაგზავნა და მაყურებელი აღფრთოვანებაში მოიყვანა.
ცნობისათვის, რაფაელ ფიზიევისთვის ეს UFC-ში რიგით მერვე გამარჯვება იყო, რითაც მან რამდენიმე თვის წინ მაურისიო რუფისთან განცდილი მარცხით შელახული რენომე შედარებით აღიდგინა. შეკითხვაზე, თუ რა არის მისი მიზანი, აზერბაიჯანელმა განაცხადა, რომ BMF-ის ქამრის მოგება სურს და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.