ლა ლიგასა და სერია A-ში უთამაშია | შესაძლოა, ბათუმის დინამომ შონ ვაისმანი დაიმატოს
ისრაელის ეროვნული ნაკრების 30 წლის ფორვარდი შონ ვაისმანი შესაძლოა ბათუმის დინამოს ფეხბურთელი გახდეს. გასული სეზონის შემდეგ ავსტრიული ლინცი დატოვა, თავისუფალი აგენტია და კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის ბათუმის დინამო და ბეითარი არიან. ინფორმაციას ისრაელური Sport 5 ავრცელებს.
ფეხბურთელის აგენტმა ბოაზ გორენმა ისრაელურ მედიასთან საუბარში განაცხადა : „ევროპიდან რამდენიმე ვარიანტია, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და მას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ბეითარი? ისრაელში შონის ინტერესების წარმოდგენა ყველას შეუძლია, ყველამ იცის ვინ არის ის და რა ფასი აქვს“.
2019-20 წლების სეზონში შონ ვაისმანმა ვოლფსბერგერის რიგებში ავსტრიის ბუნდესლიგის 31 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამავე სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გლადბახსა და რომას შეუგდო.
2020 წელს ვალიადოლიდმა ვოლფსბერგერიდან 4 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც კლუბის სარეკორდო ტრანსფერია. ვალიადოლიდთან ერთად ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ში ითამაშა. 2020-22 წლებში ამ კლუბის რიგებში საერთო ჯამში 92 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. კონკრეტულად ლა ლიგაში 92-დან 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 7 გოლი და 2 საგოლე პასია.
ესპანეთში კარიერის საუკეთესო სეზონი 2021-22 წლებში ჰქონდა, ლა ლიგა 2-ის 38 მატჩში 20 გოლი შეაგდო და ვალიადოლიდს ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა. მოკლედ, ლა ლიგაში მისი პროდუქტიულობის მაჩვენებელი დაბალი იყო, მაგრამ ლა ლიგა 2-ის აღნიშნულ სეზონში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და გუნდს ლა ლიგაში გადასვლაში დაეხმარა.
2023-25 წლებში გრანადაში გამოდიოდა, 52 მატჩში მის აქტივში 6 გოლი და 2 საგოლე პასია. 52-დან 5 მატჩი ლა ლიგაში ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.
2024 წელს გრანადამ იტალიის სერია A-ს სალერნიტანაში გაანათხოვრა, 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
2025-26 წლების სეზონში ავსტრიულ ლინცში 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
2019 წლიდან ისრაელის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა.