იბერია 1999-ის მეტოქე ცნობილია | ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონი, „იბერია 1999“ პირველ ჯგუფში, განუთესავ გუნდებს შორის იყო და მისი მეტოქის ვინაობა გაირკვა.
„იბერია 1999“-ის პირველი მოწინააღმდეგე ესტონეთის ჩემპიონი, ტალინის „ფლორაა“. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 7/8 ივლისს გაიმართება, განმეორებითი თამაშები კი 14/15 ივლისს არის დანიშნული. „იბერია 1999“ პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.
„იბერია 1999“-ის სხვა სავარაუდო მეტოქეებს შორის ირლანდიის „შემროკ როვერსი“, ფინეთის „კუპსი“ გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპსი“, ლატვიის „რიგა“, ესტონეთის „ფლორა“, ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნი“ და უელსის „ნიუ სეინტსი“ იყვნენ.
„ფლორა“ ესტონეთის ჩემპიონი 82 ქულით გახდა და მეორეადგილოსან „ლევადიას“ სამი ქულით გაუსწრო. მიმდინარე სეზონში მათ 14 შეხვედრა აქვთ გამართული და 27 ქულით მესამე ადგილს იკავებენ. ტალინელები „ლევადიას“ 12 ქულით, „კალიუს“ კი ორი ქულით ჩამორჩებიან.
საინტერესოა, რომ „ფლორას“ რიგებში არც ერთი ლეგიონერი არ ირიცხება და გუნდი მთლიანად ესტონელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. Transfermarkt-ზე „ფლორას“ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 30 წლის რაუნო საპინენია. მისი საბაზრო ღირებულება 300 000 ევროა და საპინენს ნაკრებში 65 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გუნდის მთავარი მწვრთნელი 41 წლის კონსტანტინ ვასილიევია. Transfermarkt-ზე გუნდის მთლიანი საბაზრო ღირებულება 3.6 მილიონი ევროა.