„მემკვიდრეობისთვის მორალესი სჯობს“ - მახაჩევმა მეტოქე შეარჩია
ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქის შესახებ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა. სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონს ტიტულის პირველად დაცვა იან გარი მაჩადოსთან, ან მაიკლ მორალესთან მოუწევს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ალოგიკური ნამდვილად არ იყო მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან 34 წლის დაღესტნელი ჩემპიონის მისამართით დასმული შეკითხვა იმის თაობაზე, მისთვის ეკვადორელ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება უფრო მისაღები იქნება, თუ ირლანდიელთან, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო.
ისლამ მახაჩევი
რომელს მივანიჭებდი უპირატესობას არჩევანის წინაშე რომ ვიდგე? ჩემი მემკვიდრეობისთვის მორალესთან დაპირისპირება აჯობებს, რადგან ის დაუმარცხებელია. იან გარის რომ მოვუგებ, იტყვიან, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, რადგან ირლანდიელს შავკატ რახმონოვმაც მოუგო, თუმცა ვაღიარებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეკვადორელიც და ირლანდიელიც ტიტულის ღირსეული პრეტედენტები არიან.
ასევე არ მინდა კამარუ უსმანის ჩამოწერა, რის გაკეთებასაც ბოლო პერიოდში ბევრი ცდილობს. თუ ვინმეს ჩემი სიტყვები გადაჭარბებულ შეფასებად ეჩვენება, შეახვედრეთ კამარუ მორალესს, ან გარის და მერწმუნეთ, ორივეს დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. მეტსაც გეტყვით, არ გამოვრიცხავ ორივე დაამარცხოს.
ცნობისათვის, იან გარი მაჩადომ ბოლო ორი ბრძოლა კარლოს პრატესთან და ბელალ მუჰამედთან ჩაატარა და ორივე მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მაიკლ მორალესმა კი, როგორც გილბერტ ბარნსს, ასევე შონ ბრედის ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.