საუთგეიტი ამას არ დაუშვებდა - ტუხელის ახალი წესები
დიდი სანაკრებო ტურნირების დროს, მისი წინამორბედის, გარეთ საუთგეიტის მიერ დანერგილი წესები ინგლისის ეროვნული გუნდის გერმანელმა დამრიგებელმა ტომას ტუხელმა მთლიანად შეცვალა. ფეხბურთელებისთვის ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი გახლდათ ის, რომ თუ საუთგეიტი მათ მეუღლეებსა და მეგობარ გოგონებს იმავე სასტუმროში ცხოვრების ნებართვას არ აძლევდა, სადაც ისინი იყვნენ დაბინავებულნი, ტუხელმა ეს შეზღუდვა მთლიანად მოხსნა.
საინტერესოა ის გარემოება, რომ რამდენიმე კვირის წინ ტუხელიც საუთგეიტის მიერ შემოღებულ წესებს მიჰყვებოდა, თუმცა ახლა გადაწყვიტა სიმკაცრის ნაცვლად, ფეხბურთელებისთვის მცირედი მოდუნების საშუალება მიეცა და ყველა მათგანის მეუღლე, თუ მეგობარი გოგონა ახლა ფლორიდის შტატის ქალაქ ვესტ პალმ-ბიჩშია დაბინავებული. გარდა ამისა, ოთხშაბათს კოსტა რიკასთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ გერმანელმა დამრიგებელმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ორი დღე დასვენების საშუალება მისცა და ვარჯიშებისგან გაანთავისუფლა.
ცნობისათვის, 2022 წლის კატარის მუნდიალის დროს ინგლისის ნაკრები ფეშენებელურ სასტუმროში იყო დაბინავებული, თუმცა მეუღლეების გარეშე. გარდა ამისა, საუთგეიტმა ცოლებსა და მეგობარ გოგონებს ტურნირში გუნდის ასპარეზობის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად აუკრძალა.