„ლაჩარი ხარ“ | ჰოკიტისა და პერეირას შეხვედრა და პოატანის კომენტარი
ალექს პერეირამ UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებსა და ჯოშ ჰოკიტზე ისაუბრა. „პოატანი“ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ჰოკიტმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა.
„მან ზღვარს გადააბიჯა. მინახავს მებრძოლები, რომლებიც ბინძურად საუბრობენ და ლაპარაკისას მეტოქის მამას ახსენებენ ხოლმე, თუმცა არასდროს მინახავს, ვინმეს მოწინააღმდეგის დედაზე ელაპარაკოს. არ ვიცი, აშშ-ში როგორაა, მაგრამ ბრაზილიაში, ქუჩის კანონების მიხედვით, დედას არასდროს ეხები. ამ ეტაპზე მხოლოდ ამას ვიტყვი, სხვას არაფერს“.
სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჰოკიტისა და პერეირას შეხვედრა ჩანს. „ალექს, შენ ლაჩარი ხარ. სწორედ ამიტომ არ თქვი არაფერი“, — დაუყვირა ამერიკელმა მებრძოლმა „პოატანს“, რის შემდეგაც ტერიტორიიდან გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე პერეირა სირილ განს დაუპირისპირდება და მძიმე წონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მოპოვებას შეეცდება. რაც შეეხება ჰოკიტს, მისი მეტოქე დერიკ ლუისია.