“დოპინგზე ეჭვები უსაფუძვლო არ იქნებოდა” - ნიდერლანდელები რუსებთან მარცხზე
2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია ტურნირის მეოთხედფინალში ნიდერლანდების ეროვნული გუნდის რუსეთის ნაკრებთან (1:3) დამატებით დროში განცდილი მარცხი გახლდათ. მარკო ვან ბასტენის მომზადებულმა ფეხბურთელებმა ჯგუფური ეტაპი იმდენად შთამბეჭდავად ჩაატარეს, რომ იტალიასთან (3:0) და საფრანგეთთან (4:1) მოპოვებული გამანადგურებელი სხვაობით გამარჯვებების შემდეგ, ბევრი მათ კონტინენტის პირველობის უდავო ფავორიტად თვლიდა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ნახევარფინალში გასვლაც ვერ შეძლეს. მაშინდელი თამაში ნიდერლანდების ნაკრების იმდროინდელმა ლიდერებმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა და ვესლი სნეიდერმა ერთ-ერთ პოდკასტში საინტერესოდ გაიხსენეს.
რაფაელ ვან დერ ვაარტი
ბაზელში 40-გრადუსიანი სიცხე იყო და მომქანცველი 90 წუთის შემდეგ უბრალოდ დაღლილები კი არა, განადგურებულები ვიყავით. დამატებითი დრო დაიწყო და რუსები ისე დარბოდნენ, თითქოს მოედანზე ახლახანს იყვნენ გამოსულები.
ვესლი სნეიდერი
ახლაც ვერ ვხვდები მაშინ რა მოხდა. თითქოს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მიმდინარეობდა, მაგრამ რუსებმა არანორმალური ფიზიკური მომზადება აჩვენეს.
რაფაელ ვან დერ ვაარტი
კარგი. ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე საუბარი, მაგრამ უნებურად რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დოპინგის თემა მახსენდება და არცთუ უსაფუძვლო ეჭვები მიჩნდება. წარმოიდგინე, დამატებით დროშიც გვაპრესინგებდნენ და რომ მეგონა აი ახლა დაიღლებიან-თქო, არშავინი სირბილს მაშინ იწყებდა.
ცნობისათვის, რუსების მაშინდელი სვლა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა შეაჩერა - ლუის არაგონესის მომზადებულმა „ფურია როხამ“ გუს ჰიდინკის გაწვრთნილი რუსეთი მარტივად, 3:0 დაამარცხა.