„რატომ არ ვისწავლე? აქ რას ვაკეთებ?“ | თოფურიამ პირველი ორთაბრძოლა გაიხსენა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია DeepCut with VicBlends-ის იუთუბარხის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ კარიერის პირველი ორთაბრძოლა გაიხსენა და აღიარა, რომ ოქტაგონში შესვლა არ უნდოდა.
„პროფესიონალურ დონეზე გამართული პირველი ჩხუბისას ძალიან მეშინოდა. მახსოვს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „რატომ არ ვისწავლე? აქ რას ვაკეთებ? აქ რატომ ვარ?“ მეშინოდა, მაგრამ ამავდროულად უაღრესად მოტივირებული ვიყავი. ძალიან უცნაური შეგრძნება იყო.
ის დღე ძალიან კარგად მახსოვს, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. ოქტაგონში შესვლა არ მინდოდა და ვაპირებდი, კულისებში დავრჩენილიყავი. გეფიცებით, მართლა ასე იყო და თავში ეს ფიქრი ნამდვილად მიტრიალებდა. თანაც ჩემი მეტოქე ბევრად გამოცდილი იყო და იმ მომენტში 18 წლის ვიყავი“.
თოფურიამ კარიერის პირველი ორთაბრძოლა ვალენსიაში, 2015 წლის 4 აპრილს გამართა. „ელ მატადორი“ ფრანსისკო ხავიერ ასპრილიას დაუპირისპირდა და მეტოქე პირველ რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დააფინიშა.