პაოკ-ი ისევ გაანათხოვრებს? ატრომიტოსში გუგეშაშვილის დარჩენას განიხილავენ
ბერძნული Paokmania-ს ინფორმაციით, ატრომიტოსში ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის გამოსვლით კმაყოფილები არიან და მისი გუნდში დარჩენის ვარიანტს განიხილავენ. ლუკას პაოკ-თან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. დიდი ალბათობით, ატრომიტოსი კვლავ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას მიანიჭებს უპირატესობას, გამოსყიდვის ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია.
2025 წლის ზაფხულში პანსერაიკოსმა გუგეშაშვილი პაოკ-ში მილიონ ევროდ გაყიდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა რაზვან ლუჩესკუმ მხოლოდ ერთ ოფიციალურ მატჩში, საბერძნეთის თასზე ათამაშა, მათი მუშაობა წარმატებული არ ყოფილა და ზამთარში ქართველი იჯარით ატრომიტოსში წავიდა.
27 წლის გუგეშაშვილმა ატრომიტოსში 9 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაუშვა, 9-დან 3-ში კარი მშრალად შეინახა, პანსერაიკოსთან მოგებულ მატჩში პენალტი მოიგერია. გუნდის ელიტაში დარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასევე, აღნიშნულ 9 მატჩში მსაჯმა ლუკას ყვითელი ბარათი ორჯერ უჩვენა.
2021 წლიდან გუგეშაშვილი, რომლის სიმაღლე 1,96 მეტრია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეა, თუმცა მხოლოდ ორჯერ ითამაშა, მონღოლეთთან და კაბო ვერდესთან ამხანაგურ მატჩებში.