გურამ კაშია, სლოვანი
Aa
Aa

“ვიგრძენი, რომ ძალიან სწრაფად მაქციეს ზურგი“ - კაშიას ვრცელი ინტერვიუ

გურამ კაშიამ გამოცემა DennikSport-თან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

— მსოფლიოში ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: როგორ დამიმახსოვრებენ? თქვენც სვამთ ამ კითხვას?

გურამ კაშია:

„სიმართლე გითხრათ, ეს საერთოდ არ მაწუხებს. ვცდილობ, კარგი ადამიანი ვიყო სწორი ღირებულებებით. ასევე მინდა ვიყო კარგი მამა და პროფესიულ საქმიანობაში სამაგალითო პროფესიონალი. იმაზეც ვფიქრობ, შემიძლია თუ არა სხვების დახმარება. ეს არის ის საკითხები, რაც ჩემს გონებაში ტრიალებს.

სამწუხაროდ, ისეთ ინდუსტრიაში ვმუშაობ, სადაც ადამიანებს შენზე სხვადასხვაგვარი აზრი აქვთ.

ზოგი მკაცრია, ზოგი კეთილი, ზოგი აღფრთოვანებული... მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვცდილობ, ეს ყველაფერი უგულებელვყო, რადგან ამას არასდროს მოაქვს არაფერი პოზიტიური — მაშინაც კი, როცა შენზე კარგს ამბობენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სოციალური ქსელები არ მაქვს. ვცდილობ, მათგან შორს ვიყო. ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი.. ამ ცნობიერებით ვცხოვრობ და ვმოქმედებ.“

— „სლოვანში“ კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, ჯაბა კანკავასთან ერთად მიხვედით. თქვენი ტრანსფერის გამოცხადებისთანავე დისკუსია ასაკზეც დაიწყო. მაშინ ამას გრძნობდით?

გურამ კაშია:

„რა თქმა უნდა. მახსოვს პირველი პრესკონფერენცია, სადაც ჩვენი ბოსი, ივან ქმოტრიკ უმცროსი, ამბობდა, რომ ჩვენთან გრძელვადიანი გეგმები არ ჰქონდა. მაგრამ ასე უნდა შეხედოთ: იმ დროს ხალხმა არ იცოდა ჩვენი ხარისხი და მენტალიტეტი. არ იცოდნენ, როგორები ვიყავით.

ჩემს კარიერას რომ გადავხედავ, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო პერიოდი 28-29 წლის ასაკში დამეწყო.

ჩემი შეგრძნებაა, რომ მას შემდეგ თითქმის ერთსა და იმავე დონეზე ვთამაშობ. როცა ცენტრალური მცველი ხარ, 32-33 წლის ასაკში პიკში ხარ, რადგან უკვე გამოცდილებაზე თამაშობ. თუმცა ეს ეხება მათ, ვინც მანამდე ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა. თუ ასეა, მაშინ ეს შენი საუკეთესო წლებია.“

გულშემატკივრები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ ფეხბურთელი 30 წლის ასაკის შემდეგ უბრალოდ ბერდება. ასე არ არის. თუ საკუთარ თავს ისე უვლი, როგორც მე, მაშინ ვერ მიიღებ აზრს, რომ 32 წლის ასაკში უკვე მოხუცი უნდა იყო.“

— რამდენ ხანს გეგმავდით „სლოვანში“ დარჩენას? იმ დროს ხომ ხუთი წელი არარეალური ჩანდა.

გურამ კაშია:

„საკუთარ თავში არასდროს შემპარვია ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ კლუბისგან ორწლიანი კონტრაქტიც კი არასდროს მიმიღია. ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი წლით მიხანგრძლივებდნენ. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა, რადგან მუდმივად ზღვარზე მუშაობას მაიძულებდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ყველა მატჩისთვის მზად ვყოფილიყავი.

სწორედ ამიტომ ვითამაშე ამდენი თამაში იმ ხუთ წელიწადში. 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისთვის ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა — შეიძლება ტრავმა მიიღო და დაბრუნება უკვე გაცილებით რთული იყოს. მაგრამ ცხოვრებაში დიდი რწმენა მაქვს და ფეხბურთშიც საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. რამდენიმე მატჩიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ აქ თავი ისე მეგრძნო, სახლში. მომეწონა არა მხოლოდ კლუბი, არამედ ბრატისლავაც.“

— თავიდან ხალხი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ მალევე გულშემატკივართა ფავორიტი გახდით. რას გრძნობდით?

გურამ კაშია:

„მახსოვს, საწყის მატჩებში მიჭირდა. რამდენიმე პასი გავაფუჭე და ხალხმა სტვენა დამიწყო. მაშინ მივხვდი, რამდენად მკაცრ გარემოში მოვხვდი. ‘სლოვანის’ გულშემატკივრები ყოველთვის სწორ პასს ელიან.

როცა საშუალო დონის სლოვაკურ გუნდს ეთამაშები და ანგარიში 0:0-ია, ისინი მაინც გისტვენენ. მაღალი სტანდარტები აქვთ. თავიდან გული დამწყდა, რადგან ვიგრძენი, რომ ძალიან სწრაფად მაქციეს ზურგი. საკუთარ თავს ვკითხე, როგორ გამომესწორებინა ეს. მაგრამ მთავარი იყო, რომ მეც უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თამაშით.

ევროთასებზე უკეთ წავიდა საქმე — იქ საკუთარი თავი ვიპოვე. მგონია, გარდამტეხი მომენტი ‘ოლიმპიაკოსთან’ მატჩი იყო. სწორედ მაშინ მიხვდა ხალხი, რომ მე და ჯაბა კანკავა ყველაფერს ვაკეთებდით გამარჯვებისთვის. ამან გულშემატკივრებთან დაგვაახლოვა, რადგან ეს მათ დნმ-შიც ზის. როცა ხედავენ, რომ იბრძვი — ეს მათთვის საკმარისია.“

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ სლოვანში 5 სეზონი გაატარა. ასევე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელი სანაკრებო კარიერასაც ასრულებს. „კაშო“ 2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ უკანასკნელად მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები