„ტურ დე ფრანსისთვის მამზადებ?“ | ხამესის სახალისო ისტორია კოვაჩზე და მანჩესტერი
Netflix-მა ხამეს როდრიგესზე დოკუმენტური ფილმი გამოუშვა, რომელშიც კოლუმბიელი ფეხბურთელი „ბაიერნში“ გატარებულ პერიოდს იხსენებს. ხამესმა განაცხადა, რომ თავდაპირველად, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადიოდა, მაგრამ აზრი კარლო ანჩელოტიმ შეაცვლევინა.
„მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას ვაპირებდი, როცა ჟორჟე მენდეშმა მითხრა: „ბაიერნში წასვლა ხომ არ გინდა?“ მე ვუპასუხე: „იქ სად უნდა ვითამაშო? რიბერია, რობენია...“ მან კი მიპასუხა: „კარლოს სურვილია, შენ აგირჩია.“ კარლომ დამირეკა, მე კი ვუთხარი: „მგონი, მანჩესტერში მივდივარ-მეთქი“. მან კი მიპასუხა: „რა მანჩესტერი? მანჩესტერი მკვდარია. აქ უნდა წამოხვიდე, ჩემთან“.
„პირველ წელს გამიმართლა, რომ კარლო ანჩელოტი და იუპ ჰაინკესი ესპანურად ლაპარაკობდნენ. მეორე წელს კი კოვაჩი მოვიდა. ყველა მწვრთნელს ჰყავს თავისი ფავორიტები და მე მათ შორის ნამდვილად არ ვყოფილვარ. მას უნდოდა, რომ ფეხბურთელებს ვარჯიშის შემდეგ 30 წუთი ველოსიპედით ევარჯიშათ. მე ვეუბნებოდი: „რისთვის ვვარჯიშობ? „ტურ დე ფრანსზე (პრესტიჟული ველორბოლა) გამოვდივარ თუ რა ხდება? მე ფეხბურთელი ვარ“.“
ხამესი „ბაიერნში“ 2017-19 წლებში, იჯარის წესით თამაშობდა. 2020 წელს, ის „ევერტონში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც 23 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.