ძეგლი და მისი სახელობის ტრიბუნა | მანჩესტერ სიტი გუარდიოლას აცილებს
„მანჩესტერ სიტიში“ პეპ გუარდიოლას ეპოქა სრულდება. ესპანელი სპეციალისტი „ქალაქელებს“ ტოვებს და მისი ბოლო შეხვედრა „ასტონ ვილასთან“ დაპირისპირება იქნება, რომელიც 24 მაისს, თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.
„მანჩესტერ სიტი“ გუარდიოლას სათანადო გაცილებას უწყობს. „ქალაქელებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და დაწერეს, რომ „ეტიჰად სთედიუმის“ ჩრდილოეთის ტრიბუნა, რომელსაც ახლახან რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, პეპის სახელობის გახდება — „პეპ გუარდიოლას ტრიბუნა“.
ჩრდილოეთის ტრიბუნა, რეკონსტრუქციის შემდეგ, პირველად სრულად სწორედ „ასტონ ვილასთან“ მატჩში გაიხსნება. სამუშაოები 2023 წლის მიწურულს დაიწყო და საბოლოოდ, ამ ტრიბუნაზე 7000 ახალი ადგილი დაემატა, რის წყალობითაც სტადიონის ტევადობა 61 000 ადამიანამდე გაიზარდა.
პეპ გუარდიოლას სახელობის ტრიბუნის გარდა, სტადიონთან, სწორედ ამ ტრიბუნის წინ, ესპანელი სპეციალისტის ძეგლი გაიხსნება. ეს იქნება სამუდამო შემახსენებელი იმ წარმატებული პერიოდისა, რომელიც „ქალაქელებს“ პეპის გუნდში ყოფნის დროს ჰქონდათ.
გუარდიოლას ხელმძღვანელობით გუნდმა 20 ტიტული მოიპოვა. „ქალაქელებმა“ 6-ჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერლიგა, 3-3-ჯერ — ინგლისის თასი და სუპერთასი, 5-ჯერ — ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.