„საკუთარ კვალს ტოვებს“ | Sport-ის სტატია გიორგი მიქაუტაძეზე
გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გოლს + ასისტი ოთხ შეხვედრაში მიითვალა, რაც ალბერტო მოლეიროსთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი და საგოლე გადაცემა „ელჩესთან“, „ესპანიოლთან“, „სოსიედადთან“ და „სევილიასთან“ გაიფორმა და მის ამ მიღწევას Sport-მა სტატია მიუძღვნა.
„გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონზე საკუთარ კვალს ტოვებს. „ვილიარეალის“ ფეხბურთელმა გოლი და საგოლე გადაცემა მეოთხე შეხვედრაში მიითვალა და ეს, ალბერტო მოლეიროსთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია.
მიქაუტაძის ბოლო ასეთი მატჩი „სევილიასთან“ იყო. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ ხერარდ მორენოს გაატანინა, შემდეგ კი მეტოქის კარი თავად აიღო. „სევილიამ“ თამაში შემოატრიალა და 3:2 მოიგო, თუმცა ამ მატჩმა აშკარა დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა: როდესაც მიქაუტაძე მეტოქის საჯარიმო მოედანში ბურთს ეხება, ყოველთვის რაღაც ხდება.
ოთხ თამაშში შესრულებული გოლს + ასისტი შემთხვევითობა არაა. ეს კარგად აღწერს ფეხბურთელის პროფილს, რომელსაც გოლის გატანის გარდა თანაგუნდელებისთვის მომენტის შექმნაც შეუძლია. ის ფაქტი, რომ მისი მსგავსი შედეგით მხოლოდ მოლეირო გამოირჩევა, კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ მიმდინარე სეზონში „ვილიარეალს“ რამდენიმე იარაღი აქვს: მათი შეტევა მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ გუნდს ჰყავს ტანდემები, რომლებიც უპირატესობას ქმნიან.
ჩემპიონატში, რომელშიც მატჩის ბედს პატარა დეტალები წყვეტს, ასეთი „ორმაგი“ შემსრულებლები ძალიან მნიშვნელოვანია. მიქაუტაძე მხოლოდ გუნდის სტატისტიკას კი არ აუმჯობესებს, იგი თამაშზე გავლენას ახდენს. „ვილიარეალში“ კი ეს ნიუანსი, როგორც წესი, ქულებში ისახება... ან, მინიმუმ, გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კლუბს ფეხზე წამოსადგომად საკმარისი რესურსი აქვს“, — წერს კატალონიური გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძეს ლა ლიგის 31 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 12 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.