დინამო თბილისი
Aa
Aa

50 წელი ისტორიიდან - 1976 წლის 3 სექტემბერს დინამომ პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის თასი

1976 წლის 3 სექტემბერი განსაკუთრებული თარიღია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 50 წლის წინ, ამ დღეს დინამო თბილისი პირველად დაეუფლა საბჭოთა კავშირის თასს.

1936 წლიდან დაწყებული საბჭოთა კავშირის თასის მოპოვება აუხდენელ ოცნებად რჩებოდა სხვადასხვა თაობის ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის. 40 წლის მანძილზე, 1936 -დან 1976 წლამდე დინამომ 5-ჯერ ითამაშა თასის ფინალში და სანუკვარ თასს მეექვსე ცდაზე დაეუფლა. 1976 წლამდე დინამომ 5 ფინალი წააგო.

ხუთივე მოსკოვში და ხუთივე მოსკოვის გუნდებთან. 1976 წლის დასაწყისში დინამო თბილისს სათავეში ნოდარ ახალკაცი ჩაუდგა და ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო.

1976 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში ლუჟნიკებზე, თასის ფინალში დინამომ დიდი ანგარიშით 3-0 მოუგო ერევნის არარატს, თასის მოქმედ მფლობელს. იმ პერიოდში არარატი იმ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ.

1976 წლის 3 სექტემბერი დინამოს ახალი გუნდის დაბადების თარიღადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქედან იწყება გამარჯვებათა სერია, რომელიც 1981 წლის 13 მაისით დაგვირგვინდება.

ამ თარიღთან დაკავშირებით, 3 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენის შესასვლელთან გაიხსნა მემორიალური დაფა, რასაც მოჰყვა ილია ბაბუნაშვილის წიგნის - „ჩემი გაზაფხული“-ს პრეზენტაცია, შემდეგ კი შედგა გიგა გვენცაძის ფილმის - „ახალი გუნდი (მეექვსე ფინალი)“ პრემიერა.

ღონისძიებებებს დაესწრნენ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, სპორტის სამინისტროს, თბილისისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, გულშემატკივრები, სპორტული ჟურნალისტები, მათ შორის სომხეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ედუარდ კალანტარიანი და ვიცე-პრეზიდენტი ხაჩიკ ჩახოიანი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ძველი დროის დიდმა კაპიტნებმა მანუჩარ მაჩაიძემ და ალექსანდრე ჩივაძემ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ.

საიუბილეო ღონისძიება სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები