ოქროს ბურთი, ენრიკეს სიტყვები და კვარა | Le Parisien-ის სტატია პარი სენ-ჟერმენზე
Le Parisien-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფრანგულ გამოცემას უყურადღებოდ არც ლუის ენრიკეს ბოლო განცხადება დარჩენია. „მონაკოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „ოქროს ბურთი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს.
„„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტის ვინაობა 8 სექტემბერს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც ხმის მიცემის ერთთვიანი პროცესი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ჟიურის 100 წევრი მიიღებს. გამარჯვებულს ლონდონში, 26 ოქტომბერს დააჯილდოებენ და მოსალოდნელია, რომ ძალიან დაძაბულ ბრძოლას ვიხილავთ.
„პარი სენ-ჟერმენისთვის“ ჯილდოს შენარჩუნების შანსი ორნაირია — ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე, თუმცა 30 ნომინანტს შორის ფაბიან რუისიც იქნება. სამივე პარიზელი, კილიან მბაპესთან ერთად, 12 სექტემბერს France Football-ის გარეკანზე გამოჩნდება და თითოეული მათგანის ინტერვიუც გამოქვეყნდება. „რეალმა“ თავისი არჩევანი გააკეთა და ჯუდ ბელინგემის ნაცვლად მხარი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის კანდიდატურას დაუჭირა.
„ჩემი აზრით, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პსჟ-ის“ ფეხბურთელი უნდა იყოს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ასევე გვყავს ფაბიან რუისი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გვყავს უსმან დემბელე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ შარშან მოიგო. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ესაა ჩემი პოზიცია“, — განაცხადა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე.
ესპანელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელია არ უხსენებია, მაგრამ აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, რომლის საუკეთესო ფეხბურთელიც ქართველი გარემარბი გახდა. „ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა, რომელსაც სამი კრიტერიუმით ავლენენ: ინდივიდუალური გამოსვლა, გუნდის გამოსვლა და ფეხბურთელის კლასი და ფეარპლეი. „პარი სენ-ჟერმენის“ 7 ნომერი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და დღე არ გადის ისე, რომ მსოფლიო ფეხბურთის წამყვანმა ფიგურებმა მას მხარი არ დაუჭირონ.
უნაი ემერიმ, ტონი კროოსმა, სამირ ნასრიმ და მიშელ პლატინიმ განაცხადეს, რომ „ოქროს ბურთი“ კვარაცხელიამ უნდა მოიგოს. მათ პოზიციაზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი მწვრთნელი, ლუის ფერნანდესი. მას ინტერვიუ ახლახან ჩამოვართვით და თქვა, რომ ხმას ხვიჩას აძლევს, რადგან მას საოცარი სეზონი ჰქონდა.
უსმან დემბელეს, ლიონელ მესის მსგავსად, გარკვეული უპირატესობა აქვს, რადგან მას ეს უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდო უკვე მოუგია. იგი ხმის მიმცემთა გონებაში ადგილს იკავებს. გარდა ამისა, იგი მოქმედი გამარჯვებულია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩიდან მოყოლებული თითქმის ყველა შეხვედრაში გატანილი გოლითა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლით, იგი დამაჯერებელ კანდიდატად რჩება.
თუმცა, შესაძლოა, არც ისე დამაჯერებლად, როგორც „კვარა“, რომელმაც „ჩელსისთან“ ცვლილებაზე შესვლით ყველაფერი შეცვალა — გოლი „ლივერპულთან“ ბრწყინვალე სლალომით და სოლორეიდი მიუნხენში, რომლითაც დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ეს არის კადრები, რომლებიც, შესაძლოა, უფრო მკაფიოდ რჩება მეხსიერებაში, ვიდრე დემბელეს გოლები“, — წერს Le Parisien-ი.
ცნობისთვის, კვარაცხელია Goal-ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს, ხოლო GiveMeSport-ს ხვიჩა მე-12 პოზიციაზე ჰყავს. უცხოური გამოცემების ფავორიტი ჰარი კეინია, მის შემდეგ კი ლამინ იამალი და ლიონელ მესი მოდიან.