კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტია | რას წერს L'Equipe-ი ხვიჩასა და პსჟ-ზე
„პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ეს ინფორმაცია კლუბთან დაახლოებულმა ინსაიდერმა 2 სექტემბერს გაავრცელა, დღეს კი ამ თემაზე ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა დაწერა და აცხადებს, რომ უსმან დემბელესთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ პარიზელთა პრიორიტეტი „კვარასთან“ საერთო ენის გამონახვაა.
L’Equipe-ი შიდა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და ყველაფერი პოზიტიურად ვითარდება. საქმე იქამდეა მისული, რომ დიდი ალბათობით, კლუბი და ფეხბურთელი საბოლოო შეთანხმებას ძალიან მალე მიაღწევენ. კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი 2030 ან 2031 წლამდე იქნება გათვლილი და ქართველ ფეხბურთელს ხელფასს გაუზრდიან.
„კვარაცხელიას ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის იანვარში დაიწყო და 2029 წელს იწურება. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს არსად ეჩქარება, თუმცა პარიზელებს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება სურთ. პირველი: „ნაპოლიდან“ გადმოსვლის შემდეგ, ქართველი გარემარბი საერთოდ სხვა დონეზე ავიდა. წელიწად-ნახევარში „კვარა“ არა მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენის“, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „პსჟ-ის“ მაისურით ჩატარებულ 84 შეხვედრაში მას 28 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემა აქვს — ეს სტატისტიკა „ნაპოლიში“ მის მიერ დაფიქსირებულ რიცხვებთან ძალიან ახლოსაა.
მეორე ფაქტორი უკავშირდება იმას, რომ კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის მიუხედავად, მას ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი გამოსვლა ჰქონდა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიამდე კვარაცხელიასთან კონტრაქტის შეთანხმებით, „პარი სენ-ჟერმენს“ სურს, იმ შემთხვევაში, თუ მათი გარემარბი „ოქროს ბურთს“ მოიგებს, უფრო რთული მოლაპარაკებები თავიდან აირიდოს. გამოცდილება, რომელიც კლუბის ხელმძღვანელებმა გასულ სეზონში, უსმან დემბელესთან მიმართებით მიიღეს, მათ აუცილებლად დაეხმარებათ“, — წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, 26 ოქტომბერს გაიმართება. 8 სექტემბერს 30-კაციანი ნომინანტების სია გამოქვეყნდება, რომლებსაც ჯილდოს მოგების შანსი ექნებათ.