იმნაძის გოლი ყაზახეთში - ქართველების ჟენისმა მოიგო
ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო „ჟეტისუ“ – „ჟენისის“ (2:3) მატჩი გამოდგა, სადაც სტუმართა სამი ქართველი ფეხბურთელიდან ორმა იასპარეზა და ერთმა მათგანმა თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა. მატჩის მე-14 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ლუკა იმნაძემ დასწრებაზე არაჩვეულებრივად ითამაშა და სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
იმნაძე 89-ე წუთამდე იყო მოედანზე და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე „ჟენისის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუკა დროის გაყვანის მიზნით შეცვალა. რაც შეეხება ელგუჯა ლობჯანიძეს, მან მატჩი სასტარტოში დაიწყო, თუმცა შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო ზურაბ თევზაძე, რომელიც ჟენისელთა ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია, თანაგუნდელებს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა.
ცნობისათვის, 9 ტურში დაგროვებული 13 ქულით „ჟენისი“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა და ლიდერ ალმატის „კაირატის“ 9 ქულით ჩამორჩება. მიმდინარე ჩემპიონატში ლუკა იმნაძისთვის ეს პირველი ბურთი იყო და მის გარდა თითო გოლით თავი გამოჩენილი ასევე „ჟენისელ“ ზურაბ თევზაძეს და ბექა ვაჩიბერაძეს აქვთ გამოჩენილი, რომელიც „ულიტაუს“ ღირსებას იცავს.