ქეცბაიას მეორე გამარჯვება | დინამო თბილისმა სპაერი დაამარცხა
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-11 ტური „დინამო არენაზე“ დაიხურა, სადაც „დინამო თბილისის“ მეტოქე „სპაერი“ გახლდათ. თემურ ქეცბაის გუნდმა სამი ქულა აიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა. საბა ხარებაშვილმა შეტევის ფლანგი კარგი გადაცემით შეცვალა, ნანა-კოფი დონკორიმ კი მაღალ დონეზე ითამაშა, ნიკა ჩაგუნავა ჩამოიტოვა და „დინამო თბილისი“ დააწინაურა — 1:0.
34-ე წუთზე ნიკა ნინუას კუთხურს მათე ვაწაძის გოლი მოჰყვა. ვაწაძემ მეორე სართულზე გამართული ორთაბრძოლა მოიგო და „დინამოს“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე დაფიქსირდა. გოჩა ცირდავას პასის შემდეგ ზურაბ გოლუბიანმა „სპაერის“ ჩამორჩენა 1 ბურთამდე დაიყვანა.
ცნობისთვის, „დინამო თბილისს“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებს. ქეცბაიამ 3 შეხვედრიდან 2 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა და მისი გუნდის მომდევნო მეტოქე მეორეადგილოსანი „რუსთავი“ გახლავთ.