ბრძოლა დადასტურდა - ჭიკაძე ლას ვეგასში იჩხუბებს
გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ შეხვედრას 21 ივნისს გამართავს. ქვემსუბუქი წონის დივიზიონში მისი მეტოქე ბრაზილიელი ვინისიუს ოლივეირა იქნება.
ბრძოლა UFC-ის ღონისძიების ფარგლებში ლას ვეგასში გაიმართება და ორივე მებრძოლისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. ოლივეირასთვის ეს ქვემსუბუქ წონაში პირველი ბრძოლა იქნება — ბრაზილიელს წონის დაკლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 61 კილოგრამიან კატეგორიაში ასპარეზობა გაუჭირდა და კარიერის გაგრძელება უფრო მაღალ დივიზიონში გადაწყვიტა.
37 წლის ქართველი UFC-ის გამოცდილ მებრძოლად ითვლება და ორგანიზაციაში არაერთი დასამახსოვრებელი ბრძოლა აქვს ჩატარებული. გიგამ ბოლო გამარჯვება 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა, როდესაც ალექს კასერესი დაამარცხა. ამის შემდეგ კი ზედიზედ არნოლდ ალენი-სთან, დავიდ ონამა-სა და კევინ ვალეხოსი-თან დამარცხდა.
პროფესიულ MMA-ში გიგა ჭიკაძის სტატისტიკა 15 გამარჯვებასა და 6 მარცხს მოიცავს. ქართველი მებრძოლი განსაკუთრებით გამორჩეულია დარტყმით ტექნიკასა და კიკბოქსინგის სტილით, რის გამოც UFC-ში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მებრძოლად მიიჩნევა.
რაც შეეხება ვინისიუს ოლივეირას, 30 წლის ბრაზილიელს კარიერაში 27 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 23 გამარჯვებით დასრულდა. ის UFC-ში პროგრესირებად მებრძოლად ითვლება და ახალ წონით კატეგორიაში თავის დამკვიდრებას შეეცდება.
მომავალი დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია — ჭიკაძე გამარჯვებით პოზიციების გამყარებას და რეიტინგში დაბრუნებას ეცდება, ხოლო ოლივეირა ახალ დივიზიონში წარმატებული სტარტის აღებას გეგმავს.