„გეიჯის მოგების შემთხვევაში, ისლამთან უნდა მეჩხუბა, მაგრამ...“ | თოფურიას ინტერვიუ
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ESPN MMA-ს ინტერვიუ მისცა. ქართველმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯისთან გასამართ ჩხუბსა და ისლამ მახაჩევზე ისაუბრა.
„როდესაც პიმბლეტისა და გეიჯის ბრძოლა დაანონსდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ პედი მოიგებდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ის დამარცხდა. თანაც საშინელ სტილში წააგო. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასეთი სუსტი იქნებოდა. პიმბლეტმა როგორც იქნა აჩვენა, რომ უნარები საერთოდ არ გააჩნია. პირადად მე მეგონა, რომ იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. გეიჯისთან ძალიან ცუდად იჩხუბა და დაბალი დონე აჩვენა. სიმართლე გითხრათ, არც ჯასტინის ბრძოლა მომეწონა.
როდესაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას უყურებ, გინდა დაინახო ტექნიკა, გინდა დაინახო უნარები. ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც პროფესიონალი, ამას ვაფასებ. პიმბლეტისა და გეიჯის ჩხუბში არანაირი უნარები და ტექნიკა არ გვინახავს — ეს უბრალო ქუჩური ჩხუბი იყო. ხანდახან UFC-ის დებიუტანტებზე ვამბობ, რა მაგარი მებრძოლია-მეთქი, და საჩემპიონო დაპირისპირებაში ასეთი დონის ჩვენება ორივეს მხრიდან სამარცხვინო იყო.
UFC-იმ მითხრა, რომ თუ პიმბლეტისა და გეიჯის ბრძოლაში ჯასტინი გაიმარჯვებდა, მე მახაჩევს შევხვდებოდი და მესამე ტიტულის მოპოვების შანსი მომეცემოდა, მაგრამ არასდროს იცი, რა მოხდება. ბრძოლების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ისლამთან უნდა მეჩხუბა — ასე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე საათით ადრე დამირეკეს და მითხრეს, რომ მახაჩევმა ტრავმა მიიღო და ჯასტინს ვხვდებოდი.
მახაჩევს რაც შეეხება, რატომ არ უნდა გამოვცადო საკუთარი თავი მის წინააღმდეგ? ის ძალიან მაგარი მებრძოლია და დიდ პატივს ვცემ. მსუბუქ წონით დივიზიონში წლების განმავლობაში დომინირებდა და რა არის ასეთი მეტოქის წინააღმდეგ საკუთარი თავის გამოცდაზე უკეთესი? ამავდროულად, უდიდესი ინტერესი იქნება და ფანები მოუთმენლად დაელოდებიან ჩხუბის დღეს. ხალხისთვის სიამოვნების მინიჭება მიყვარს და იმედია, ეს დაპირისპირება შედგება.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა UFC-ის „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენაა. ამ ჩხუბს 15 ივნისს ვიხილავთ.