ძმები ქუთათელაძეების კომბინაცია და გოლი | ტორპედო მარცხისგან ანდრიჩმა იხსნა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქუთაისის ტორპედოსა და რუსთავის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
33-ე წუთზე მსაჯმა ტორპედოს ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ვარლეი და სილვა გააძევა და მასპინძლებმა მატჩის ბოლომდე 10 ფეხბურთელით ითამაშეს.
69-ე წუთზე რუსთავის ბრაზილიელმა ფორვარდმა ჟან ალმეიდამ 100-პროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, მეკარეს პოზიცია დაკარგული ჰქონდა და ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა. 23 წლის ბრაზილიელს სეზონის ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა, საწყის ხუთ ტურში 4 გოლი შეაგდო, თუმცა ახლა მისი უგოლო სერია 6-მატჩიანია.
88-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა, ძმებმა ალექსანდრე და ნიკოლოზ ქუთათელაძეებმა თავი გამოიჩინეს, ალექსანდრეს საგოლე პასით ნიკოლოზმა გაიტანა და რუსთავი დააწინაურა. 18 წლის ალექსანდრესთვის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მეორე მატჩი იყო, 25 წლის ნიკოლოზმა სეზონში მე-8 მატჩი ჩაატარა, ეს მისი პირველი გოლია.
მეორე დამატებულ წუთზე გიორგი კოხრეიძემ, რომელსაც დირკ შუსტერი მცირე სათამაშო დროს აძლევს და დღეს 83-ე წუთზე ჩართო თამაშში, იაქტიურა, მისი პასის შემდეგ კომნენ ანდრიჩმა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა გამოავლინა, რუსთაველთა კაპიტანი ვაჟა ფაცაცია ეფექტურად მოატყუა და ახლოდან უძლიერესად დაარტყა.
რუსთავმა 11 მატჩში 19 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა. გია ცეცაძის გუნდი 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერიას, რომელიც ხვალ მეოთხეადგილოსან დილას ესტუმრება. ტორპედოსა და დილას აქტივში 16-16 ქულაა.