მიქაუტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება | მარსელინო ვილიარეალს ტოვებს
გიორგი მიქაუტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. „ვილიარეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მარსელინო გარსია ტორალი გუნდს დატოვებს.
„მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ვილიარეალი და მარსელინო გარსია ტორალი თანამშრომლობას შეწყვეტენ. მთავარი მწვრთნელი მეორე ვადას ვილიარეალის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაყვანით დაასრულებს, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდება.
ვილიარეალი მარსელინო გარსია ტორალსა და მის სამწვრთნელო შტაბს პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისა და გაწეული შრომისთვის საჯაროდ მადლობას უხდის. ასევე მადლობა ყოველდღიური თავდადებისა და კლუბის სპორტულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იმ შვიდი სეზონის განმავლობაში, როცა ის გუნდს ხელმძღვანელობდა — ორ პერიოდში: 2013-დან 2016 წლამდე და 2023-დან 2026 წლამდე.
ვილიარეალი მარსელინო გარსია ტორალს პატივს სეზონის ბოლო მატჩში, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მიაგებს. ამავდროულად, ამ შეხვედრაში ქომაგებთან ერთად აღვნიშნავთ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ გასვლას.
მარსე, უდიდესი მადლობა. მარსე, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ კლუბსა და მის გულშემატკივრებს აჩუქე. გისურვებთ წარმატებებს მომავალ სპორტულ პროექტებში,“ — წერია „ვილიარეალის“ განცხადებაში.
ესპანურ პრესაში ჯერჯერობით არ იწერება, მარსელინო გარსია ტორალს ვინ ჩაანაცვლებს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მომდევნო შეხვედრას 10 მაისს „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს.