ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არის თუ არა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“ | Marca-მ კვარაცხელიაზე დაწერა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები ახლოვდება და უცხოურ პრესაში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებაზე აქტიურად იწერება. ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ, სტატია გამოაქვეყნა, რომელიც პარიზელთა ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა.

არის ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?

„ეს არის შეკითხვა, რომელიც ყოველთვის ჩნდება, როდესაც ფეხბურთელი ყველაზე დიდ სცენაზე განსაკუთრებულად თამაშობს და ცეცხლს ანთებს: არის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? პარი სენ-ჟერმენის ბოლო თამაშების შემდეგ ეს ნამდვილად ლეგიტიმური შეკითხვაა.

კვარაცხელია პსჟ-ის შეტევითი აღმასვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზე უდიდეს გავლენას ახდენს და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შეტევის ხაზის მამოძრავებელი ძალაა. კვარაცხელიას უნარი, ერთი-ერთზე მცველები მოატყუოს, მჭიდრო სივრცეში თავისუფალი ზონები იპოვოს და კარის წინ გადამწყვეტი იყოს, მის წინააღმდეგ თამაშს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. როდესაც პარი სენ-ჟერმენი თავის საუკეთესო ვერსიას აჩვენებს, ამაში კვარას დიდი წვლილი მიუძღვის.

გავლენა არის ის, რაც კვარაცხელიას გამოარჩევს

კვარაცხელია მომენტებს ერთდროულად ქმნის და აგვირგვინებს, აკონტროლებს ტემპს ბოლო მესამედში და აიძულებს მეტოქის დაცვას, თავისი სტრუქტურა მთლიანად შეცვალოს. ასეთი გავლენა, როგორც წესი, მსოფლიოს ტოპ ფეხბურთელებს ახასიათებთ, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მოკლე პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში ყოფნა საკმარისი არ არის — თუნდაც ასეთი შთამბეჭდავი იყოს.

ამ სტატუსის სტანდარტი დროთა განმავლობაში შენარჩუნებული სტაბილურობა, სხვადასხვა ტურნირზე დომინაცია და წლიდან წლამდე შედეგის დადებაა. ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და კილიან მბაპე წლებია ამის მაგალითები არიან. ისინი შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩევიან და დეკადაზე მეტია უმაღლეს დონეზე წარმატებას აღწევენ. კვარაცხელია მათ უახლოვდება, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ მისულა.

კვარადონას მომენტუმი

„ამ მომენტისთვის, ევროპაში შესაძლოა, ვერ იპოვოთ კვარადონაზე უფრო ფორმაში მყოფი შემტევი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ეხება, სადაც ფსონი ბევრად მაღალია. ხვიჩას ბოლო გამოსვლებმა მისი პროფილი ვარსკვლავური სტატუსიდან გლობალურ სუპერვარსკვლავობამდე აიყვანა. თუ პარი სენ-ჟერმენი ფინალში გავა ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მის სასარგებლოდ არგუმენტები კიდევ უფრო გამყარდება.

არსებობს კიდევ სტილისტური ფაქტორი: კვარაცხელია სანახაობასა და ეფექტურობას აერთიანებს. მას არაფრიდან რაღაცის შექმნა შეუძლია და ამავდროულად, შეტევების დაგვირგვინების უნარიც აქვს. ასეთი კომბინაცია იშვიათია და სწორედ ამიტომ უჭირთ მცველებს მისი გაჩერება მაშინაც კი, როცა იციან, რის გაკეთებას აპირებს.

საკითხავია, ამ დონეს შეინარჩუნებს თუ არა. თუ სეზონის ბოლომდე და მომდევნო გათამაშებებში ამ თამაშის ჩვენებას გააგრძელებს, სპეკულაციები შეწყდება და მტკიცებით ფორმაში ვისაუბრებთ. ამ მომენტისთვის, ის ყველაზე მაღალ საფეხურზე ოდნავ ქვემოთ დგას. კვარაცხელია იმ ფეხბურთელთა ჯგუფშია, რომლებსაც ამ სტატუსის მოპოვება შეუძლიათ, მაგრამ მეტი დრო და სტაბილურობა სჭირდებათ,“ — წერს Marca.

ცნობისთვის, „ბაიერნთან“ გამართულ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა, მისმა გუნდმა კი 5:4 იმარჯვა. საპასუხო თამაში 6 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის გადამწყვეტი ასისტი - გიზიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა
კიტეიშვილის გადამწყვეტი ასისტი - გიზიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა