გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

ქვილითაის გოლი და წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი - მეცის დაქვეითება გადაიდო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში სტუმრად „ლე ავრთან“ მარცხის შემთხვევაში, „მეცი“ ქვედა ლიგაში ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დაქვეითდებოდა, რის გამოც გუნდმა თავგანწირულად ითამაშა და შეხვედრაში უხვგოლიანი ფრე, 4:4 დაფიქსირდა. სამი ქართველიდან ორმა ძირითადში იასპარეზა, გიორგი აბუაშვილი კი თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ „ლე ავრი“ ოთხჯერ იგებდა, თუმცა „მეცმა“ ოთხივეჯერ გაათანაბრა, პირველად კი ამის გაკეთება მე-9 წუთზე გიორგი ქვილითაიამ შეძლო, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ბურთს ჩვეულ სტილში, ბრწყინვალე თავური დარტყმით მიუჩინა მეტოქის კარში ადგილი.

რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ის როგორც ყოველთვის ამჯერადაც აქტიური იყო. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კი მის აქტიურობას მასპინძლების კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც მოჰყვა, რომელიც გოტიე ჰაინმა გოლად აქცია და წონასწორობა კიდევ ერთხელ აღდგა.

კიდევ ერთ გიორგის, აბუაშვილს, რომელიც ცვლილებაზე 83-ე წუთზე გამოჩნდა, თავისუფლად შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო. არბიტრის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ის თანამემამულე წიტაიშვილმა კარგად მოძებნა, აბუაშვილმაც მცველი იოლად ჩამოიშორა, თუმცა დარტყმა იმდენად სუსტი და სტანდარტული გამოუვიდა, რომ მეკარემ ბურთი ხელებში დაიჭირა.

ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მეცი“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და გადათამაშების ზონაში მყოფ „ოსერს“ 9 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ეს გუნდი უკვე „მონაკოს“ უმასპინძლებს და ფრის შემთხვევაშიც ლიგა 2-ში დაქვეითდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამაგეიშვილის საგოლე პასი - შტურმი მარცხს გადაურჩა
მამაგეიშვილის საგოლე პასი - შტურმი მარცხს გადაურჩა