მამაგეიშვილის საგოლე პასი - შტურმი მარცხს გადაურჩა
ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატში „შტურმის“ მოუგებელი სერია 4 მატჩამდე გაიზარდა. საკუთარ სტადიონზე „ჰარტბერთან“ (0:0) და სტუმრად და შინ „ლასკთან“ დაკარგული ქულების შემდეგ, გრაცის გუნდმა ამჯერადაც ვერ მოიგო. ვერ მოიგო კი არა, მარცხს გადაურჩა, რაშიც გიზო მამაგეიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. ვენის „აუსტრიასთან“ საშინაო მატჩის 85-ე წუთზე, როდესაც „შტურმი“ 0:1 მარცხდებოდა, საჯარიმოში ჩაწოდებისას გიზომ თანაგუნდელ პაულ კოლერს თავური პასი მიაწოდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
მამაგეიშვილის მსგავსად, ბუნებრივია ძირითად შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელიც აქტიურობდა და მართალია ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ ვერც მისმა კონკურენტებმა იხეირეს და 14 გოლით ოთარმა ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობა შეინარჩუნა. აქვე გეტყვით, რომ ათბალიანი სისტემით კიტეიშვილმა - 7.3 მეათედი, ხოლო მამაგეიშვილმა შვიდიანი მიიღო.
ცნობისათვის, ვენის „აუსტრიასთან“ საშინაო მატჩში განიავებული ქულების შემდეგ, „შტურმმა“ ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა და ახლა სატურნირო ცხრილში გრაცელები პირველ ადგილს „ლასკთან“ იყოფენ. მომდევნო ტურში „შტურმი“ სტუმრად „ზალცბურგს“ შეხვდება და თამაში 3 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.