კროოსი: ბაიერნს დაცვაში უკეთ თამაში მოუწევს, პსჟ რეალზე ეფექტურია
მადრიდის „რეალის“, მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სა და მისი ყოფილი კლუბის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ბაიერნს დაცვაში ცოტა უკეთ თამაში მოუწევს, ვიდრე რეალთან მატჩებში მოქმედებდა. პსჟ-ს შეუძლია უფრო ეფექტურად ითამაშოს, ვიდრე მადრიდელებმა. ორივე შეხვედრაში ბაიერნი დაცვაში დიდი რისკით თამაშობდა, რაც რეალს მეორე მატჩში უფრო მეტად შეეძლო გამოეყენებინა. თუ ისინი გარკვეულ კორექტივებს შეიტანენ, ბაიერნს კარგი შანსები ექნება. ჩემთვის ეს თანაბარი შანსების მქონე მატჩია. პსჟ მოქმედი ჩემპიონია. მიმდინარე ფორმიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბაიერნი და პსჟ ორი საუკეთესო გუნდია“,
- ციტირებს კროოსის სიტყვებს Sky Sport Germany.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი 28 აპრილს, პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში „ბაიერნმა“ ორი მატჩის ჯამში მადრიდის „რეალს“ აჯობა, ხოლო „პსჟ“-მ „ლივერპული“ დაამარცხა.
ტონი კროოსმა კარიერა 2024 წლის ზაფხულში, გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, 34 წლის ასაკში დაასრულა. საკლუბო დონეზე კროოსმა „ბაიერნის“, „ბაიერისა“ და „რეალის“ შემადგენლობაში 754 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 73 გოლი გაიტანა და 166 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე, მის ანგარიშზე გერმანიის ნაკრებში ჩატარებული 114 მატჩია, სადაც 17 გოლითა და 21 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.