ჩიმაევი: ოქტაგონზე ნებისმიერ ოლიმპიურ ჩემპიონს ვცემ
იმ ფონზე, როდესაც ჭიდაობის ლიგა RAF-ის პოპულარობა შერეული ორთაბრძოლების ცნობილი მებრძოლების მონაწილეობის ხარჯზე სწრაფად იზრდება, ხამზატ ჩიმაევმა, რომელიც ორგანიზაციის ბოლო ხმამაღალი შენაძენი გახდა, ორ სპორტს შორის არსებულ განსხვავებაზე ისაუბრა.
„მსმენია, ბევრი ამბობს: „მოჭიდავეები ასე, მოჭიდავეები ისე“, მაგრამ ეს ორი სრულიად განსხვავებული სპორტია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა შესაძლოა საჭიდაო ხალიჩაზე მომიგოს, მაგრამ ოქტაგონზე მე ნებისმიერ ოლიმპიურ ჩემპიონს ვცემ. პატივს ვცემ კაილ სნაიდერს, აბდულრაშიდ სადულაევს და სხვა ბიჭებს - ისინი ჭიდაობაში დიდებული ჩემპიონები არიან, მაგრამ არა MMA-ში.
ზოგიერთი ამბობს, რომ ჰენრი სეხუდო UFC-ის ჩემპიონი გახდა. დიახ, გახდა, მაგრამ დარტყმითი ტექნიკის ხარჯზე. ის ჭიდაობას თითქმის არ იყენებდა. „დი სი“-ც (დანიელ კორმიე) ჩხუბისას კრივს იყენებდა. ასე რომ, ეს ორი სხვადასხვა სპორტია“,
- განაცხადა UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონმა თავის ფიზიკური მომზადების მწვრთნელ სემ კალავიტასთან საუბრისას.
„ბორზის“ დებიუტი RAF-ის ლიგაში მას შემდეგ შედგება, რაც 9 მაისს ნიუარკში, UFC 328-ზე, ის ტიტულს ამერიკელი შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ დაიცავს.