„ჩვენი იდენტობა - დაცვაში თამაში დავკარგეთ“ - ანჩელოტი იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე
ბრაზილიის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ იტალიური ფეხბურთის პრობლემებსა და ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური კლუბების წარუმატებელ გამოსვლაზე ისაუბრა.
„ფუნდამენტური განსხვავება სისწრაფეშია: არა მხოლოდ სირბილში, არამედ აზროვნების სისწრაფეში, ინტენსიურობაში, რაც ბევრს ნიშნავს და მთელი მატჩის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. იტალიურმა ფეხბურთმა ეს ყველაფერი დაკარგა.
ასევე, დაცვაში სოლიდურად ვეღარ ვთამაშობთ. ნიჭის დეფიციტს სხვა პოზიციებზეც ვაწყდებოდით, მაგრამ ტაქტიკურ ასპექტზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ დაგვაკარგვინა ჩვენი იდენტობა, რომელსაც იტალიური ფეხბურთი ისტორიულად ეფუძნებოდა.
დიდი ფეხბურთელები იტალიაში აღარ ჩამოდიან. საზღვარგარეთ მსუყე სატელევიზიო კონტრაქტები ფორმდება და მდიდარი ინვესტორები მოქმედებენ, რამაც ჩვენი ბაზარი მიმზიდველი აღარაა. სერია ა-ში ვეღარ ნახავთ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ ფალკაო, მარადონა, პლატინი, კროლი, რუმენიგე, რონალდო, რონალდინიო. ვისგან უნდა ისწავლონ ახალგაზრდა იტალიელებმა?
ან დაცვით მენტალიტეტს დავიბრუნებთ, რომელმაც ჩვენს კლუბებსა და ნაკრებს წარმატებები მოუტანა, ან გავაგრძელებთ ამ წარუმატებელ პერიოდს, იმიტომ რომ ფეხბურთი მხოლოდ სხვებზე მეტი გოლის გატანა არაა, ასევე, სხვებზე ნაკლები უნდა გაუშვა“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერც ერთი იტალიური კლუბი ვერ გავიდა, იტალიის ნაკრები კი პლეიოფში ბოსნიასთან დამარცხდა და ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.