საბა ლობჟანიძე: ''ახლა ჩემი დროა, უბედნიერესი ვარ''
Aa
Aa

საბა ლობჟანიძე: ''ახლა ჩემი დროა, უბედნიერესი ვარ''

დანიურ საფეხბურთო კლუბ ''რანდერსის'' ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ ''ლიუნგბიუსთან'' შესრულებული დუბლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

- როგორ შეაფასებ ''ლიუნგბიუსთან'' ჩატარებულ მატჩს?

კიდევ ერთი გამარჯვება, ჩემი პირველი დუბლი სუპერლიგაში, უბედნიერესი ვარ, გამარჯვებამ და გოლებმა ჩემი თავდაჯერება გაზარდა, ვფიქრობ კარგი შეხვედრა ჩავატარე, მზად ვარ შემდეგი შეხვედრისთის. 

- გოლი ორიგინალურად, ცეკვით აღნიშნე და ქომაგს ხელის საათისკენ მიუთითე. რას გულისხმობდი ამ ჟესტით?

- საათში ვგულისხმობდი, რომ ახლა ჩემი დროა (იცინის). მომწონს ასეთი აღნიშვნა.

- შემდეგი მატჩი დანიის თასზე ''სილკებორგთან'' გელით. როგორ აფასებ ''რანდერსის'' გამარჯვების შანსს?

- უმნიშვნელოვანესი მატჩია, მხოლოდ გამარჯვებაა ჩვენი მიზანი, ჩვენ ეს შეგვიძლია.

დანიის სუპერლიგაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საბა ლობჟანიძემ, ''რანდერსმა'' ქართველი ფეხბურთელის დუბლით საკუთარ კედლებში ''ლიუნგბიუ'' დაამარცხა. 23 წლის შემტევმა პირველი გოლი მე-15 წუთზე შეაგდო, 31-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ორივე გოლისას საგოლე პასი ბაშკიმ კადრიმ შეასრულა.

23 წლის ფეხბურთელმა კარიერაში მეექვსედ შეასრულა დუბლი, 2016 წელს საჩხერის ''ჩიხურაში'' ასპარეზობისას ოთხჯერ შეასრულა დუბლი, 2017 წელს კი თბილისის ''დინამოს'' მაისურით ორი გოლი ბათუმის ''დინამოს'' შეუგდო.

დანიის თასის მეოთხედფინალში 4 აპრილს ''რანდერსი'' საკუთარ მოედანზე შეხვდება ''სილკებორგს,'' რომლის შემადგენლობაში ქართველი ფორვარდები, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე ირიცხებიან. მეოთხედფინალური ეტაპი ერთმატჩიანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები