სუპერ საბა გამარჯვების შემოქმედია
დანიის სუპერლიგაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საბა ლობჟანიძემ, ''რანდერსმა'' ქართველი ფეხბურთელის დუბლით საკუთარ კედლებში ''ლიუნგბიუ'' დაამარცხა. 23 წლის შემტევმა პირველი გოლი მე-15 წუთზე შეაგდო, 31-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ორივე გოლისას საგოლე პასი ბაშკიმ კადრიმ შეასრულა.
65-ე წუთზე სტუმრები რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ''ლიუნგბიუს'' ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, 66-ე წუთზე კი დუბლის ავტორი შეცვალეს. ''რანდერსის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა მატჩის ტექსტური მიმოხილვა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: ''სუპერ საბამ გამარჯვება უზრუნველყო.'' საბა დანიური გუნდის მაისურით სადებიუტო სეზონს ატარებს, სუპერლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 5 გოლი შეაგდო. საბამ დანიის ჩემპიონატში პირველად შეასრულა დუბლი.
დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის მეორე ჯგუფში ოთხ გუნდს შორის ''რანდერსი'' 23 ქულით მესამე ადგილზეა. ჯგუფს ''სიონერიიუსკი'' და ''ოდენსე'' 31-31 ქულით ლიდერობენ, მეოთხე პოზიციაზე კი ''ლიუნგბიუა'' 21 ქულით.