„მათი მოგონილი ისტორიების მოსმენით დავიღალე“ | ილიას განცხადება და მახაჩევის პასუხი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Marca-ს ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ისლამ მახაჩევზე გააკეთა განცხადება, რომელიც რუს მებრძოლს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და თოფურიას სოციალურ ქსელ X-ში უპასუხა.
Marca: „თეთრ სახლში ისლამ მახაჩევთან ორთაბრძოლაზე გეკითხებით. ძილის წინ იცოდი, რომ მასთან უნდა გეჩხუბა და როცა გაიღვიძე, გაიგე, რომ ჯასტინ გეიჯის ხვდებოდი...“
ილია თოფურია: „დავიძინე იმ ფიქრით და ინფორმაციით, რომ ისლამ მახაჩევთან უნდა მეჩხუბა. ჩემით არ გამღვიძებია — უამრავმა სატელეფონო ზარმა გამაღვიძა და მითხრეს, რომ ორთაბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ მექნებოდა.
გამიცრუვდა თუ არა იმედი, რომ მახაჩევს არ ვეჩხუბები? ჩემს გრძნობებსა და ემოციებს არ ვრთავ იმ საქმეებში, რომლებიც ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება. ჩემი კონტროლის ქვეშ რომ ყოფილიყო და შეცდომა დამეშვა, ვინერვიულებდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი კონტროლის ქვეშ არაფერი ყოფილა, რა შემიძლია?“
ილიას განცხადების შემდეგ მახაჩევმა ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „დავიღალე ილია თოფურიასა და მისი გუნდის მიერ მოგონილი ისტორიების მოსმენით. სატელეფონო ზარი მივიღე და თეთრ სახლში ჩხუბს დავთანხმდი. მომდევნო დღეს მითხრეს, რომ თოფურიამ არარეალური ჰონორარი მოითხოვა, რაზეც UFC არ დათანხმდა და ილიამ ბრძოლაზე უარი თქვა. ეს არის და მეტი არაფერი. ამას მისი მენეჯერიც კი ადასტურებს.
ილია, ლაპარაკი შეწყვიტე. ყოველ ინტერვიუში განსხვავებულ ისტორიას ყვები. ბრძოლაზე უარი შენ თქვი და ეს ძალიან კარგად იცი.“
ცნობისთვის, „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე UFC-თან გამართულ მოლაპარაკებებზე „ელ მატადორის“ მენეჯერმა მალკი კავამ ვრცლად ისაუბრა. კავა Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო და დეტალურად აღწერა, რა და როგორ იყო. მისი ინტერვიუ შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე იხილოთ.