31 იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა | გოლდენ სტეიტს სტეფ კარი დაუბრუნდა
„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ სუპერვარსკვლავი, სტეფ კარი, პარკეტს დაუბრუნდა. 38 წლის გამთამაშებელს მუხლის ტრავმა აწუხებდა და 31 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. კარიმ „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ იასპარეზა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.
სტეფი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26 წუთი ითამაშა. მიუხედავად ამისა, კარიმ 29 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „უორიორსის“ კალათბურთელმა 11-დან 6 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
კარის კარგი თამაშის მიუხედავად, „გოლდენ სტეიტმა“ მაინც წააგო. „უორიორსი“ 1 ქულით, 116:117 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სტეფს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა შეეძლო, თუმცა ბოლო წამებზე მისი სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.
კარის გარდა, 18 ქულით ბრენდონ პოძიემსკი გამოირჩა. დრეიმონდ გრინს 7 ქულა, 6 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. „ჰიუსტონის“ რიგებში საუკეთესო კევინ დურანტი იყო — 31 ქულა, 8 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა. ალპერენ შენგუნმა 24 ქულა მიითვალა.
„გოლდენ სტეიტს“ 36 მოგება და 42 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. „ჰიუსტონი“ 49 მოგებითა და 29 წაგებით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.