„100 მილიონზე მეტსაც გადავიხდიდი“ - ჰიონესი კეინით აღტაცებულია
„ბაიერნი“ სხვა ევროპული საფეხბურთო გრანდებისგან განსხვავებით, ყოველთვის ზომიერი სატრანსფერო პოლიტიკით გამოირჩეოდა და სხვადასხვა ფეხბურთელების სანაცვლოდ ასტრონომიული თანხების გადახდას მაქსიმალურად ერიდებოდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ყველას გაუკვირდა, როდესაც რეკორდმაისტერმა 2023 წელს „ტოტენჰემიდან“ ჰარი კეინი 100 მილიონ ევროდ შეიძინა, კიდევ ათი მილიონი კი ბონუსის სახით ჩაურიცხა. თუმცა, როგორც მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი აცხადებს, ეს მათი მხრიდან გამართლებული სვლა იყო და ინგლისელმა ფორვარდმა გაცემული ავანსები სრულად გაამართლა.
ული ჰიონესი
ვიცი, მაშინ ბევრი ფიქრობდა: „100 მილიონი? მგონი ჭკუიდან შეიშალნენ“. სიმართლე გითხრათ, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა იგივე არჩევანის წინაშე რომ დამაყენოთ, კეინის სანაცვლოდ ასს კი არა, 150 მილიონსაც გადავიხდი.
ჰარი გლობალური ფიგურაა, რომელიც ჩვენი კლუბის 18 წლის ფეხბურთელებისთვის მისაბაძ სპორტსმენად ითვლება და სხვა დანარჩენთან ერთად, კარში სწორად დარტყმასაც ასწავლის. კეინისნაირმა დიდმა ვარსკვლავებმა ნამდვილად დიდი ფული უნდა გამოიმუშაონ, საშუალო დონის ფეხბურთელების სამსახური კი შედარებით ნაკლებად უნდა ფასობდეს.
ცნობისათვის, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 44 შეხვედრაში ჰარი კეინის ანგარიშზე 52 გოლია, მხოლოდ გერმანიის ბუნდესლიგაში კი 24 ტურში თავი 30 ბურთით გამოიჩინა.