მეცი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცი კაცნაკლულ ბრესტთან დამარცხდა - თამაშს მიქაუტაძეც დაესწრო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, ქართველების „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 0:1 დამარცხდა.

22-ე წუთიდან „ბრესტი“ 10 კაცით დარჩა. მთავარმა მსაჯმა უხეშობის გამო მოედნიდან ლოკო გააძევა, თუმცა „მეცმა“ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო და მაინც დამარცხდა. ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე ლუდოვიკ აჟორკიმ გაიტანა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. გიორგი აბუაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, გიორგი ქვილითაია კი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო. სამწუხაროდ, არც ერთ ქართველ ფეხბურთელს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

ქართველების სტატისტიკა ასეთი იყო:

გიორგი წიტაიშვილი - ბურთთან 77 შეხება, 47-დან 42 ზუსტი პასი, 5 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 არაზუსტი დარტყმა, 3 ჩაჭრა, 1 განმუხტვა. Sofascore-ს შეფასება - 6.5 ქულა.

გიორგი წიტაიშვილი ბრესტის წინააღმდეგ

გიორგი აბუაშვილი - ბურთთან 31 შეხება, 21-დან 19 ზუსტი პასი, 1-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, ბურთის ორჯერ დაბრუნება, 4-დან 1 მოგებული პოზიციური ორთაბრძოლა, კარისკენ 2 დარტყმა - ორივე დაიბლოკა. Sofascore-ს შეფასება - 6.6 ქულა.

გიორგი აბუაშვილი ბრესტის წინააღმდეგ

გიორგი ქვილითაია - ბურთთან 17 შეხება, 9-დან 8 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, კარისკენ 2 არაზუსტი დარტყმა, 1 ართმევა, 2 მოგებული პოზიციური ორთაბრძოლა, ბურთის ერთხელ დაბრუნება. Sofascore-ს შეფასება - 6.5 ქულა.

გიორგი ქვილითაია ბრესტის წინააღმდეგ

საგულისხმოა, რომ დღევანდელ შეხვედრას „მეცის“ ყოფილი შემტევი, საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე დაესწრო, რომელმაც თამაშის დაწყებამდე ლიგა 1-ის ტელევიზიასაც ესაუბრა:

„დიდი სიამოვნებაა იმ ადამიანების ნახვა, რომლებთანაც წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. სტადიონის ხილვა, იმ მოედნის, სადაც გოლები გამქონდა და მთელ ტრიბუნებს ფეხზე ვაყენებდი... ძალიან ბევრი ემოციაა.“

„ყოფილა კარგი პერიოდებიც და უფრო რთულიც. ასეთია ცხოვრება, ყველაფერი ხდება. უნდა შეეგუო და მაქსიმუმი გააკეთო, რომ ცუდი კარგით შეცვალო. ამჟამად ესპანეთში ვარ. იქ ყველაფერი კარგად მიდის და კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, სამომავლოდ რა მოხდება, ახლა კი უბრალოდ მიხარია აქ ყოფნა.“

„რაც შეეხება „ლიონს“, რა თქმა უნდა, მათ თამაშებს ვუყურებ. გუნდს ჰყავს საუკეთესო მოთამაშეები, შესანიშნავი სტაფი და მწვრთნელი. მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლამაზი ფეხბურთი ეთამაშათ და ის შედეგი მიეღოთ, რაც საჭიროა. ისინი არაჩვეულებრივად წარმოადგენენ „ლიონს“ და მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე მეცის თამაშს დაესწრო

24 ტურის შემდეგ „მეცს“ 13 ქულა აქვს და კვლავ ბოლო, მე-18 პოზიციაზე იმყოფება. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, სტუმრად „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი და საგოლე პასი - გულიაშვილმა კასტელონთან გაიბრწყინა
დუბლი და საგოლე პასი - გულიაშვილმა კასტელონთან გაიბრწყინა