მანჩესტერ იუნაიტედი, რიო ფერდინანდი, სერ ალექს ფერგიუსონი, ნემანია ვიდიჩი
Aa
Aa

კოლექტიური ბრწყინვალების იშვიათი ნაზავი - ვიდიჩი/ფერდინანდის დუეტი

ყველა დიდი გუნდი, უმეტესწილად, მყარ დაცვით საფუძველზე იგება. სწორედ სტაბილური ცენტრალური მცველების წყვილი გადასცემს გუნდს თავდაჯერებას — ფეხბურთელები თავს უფრო დაცულად გრძნობენ და თამამად თამაშობენ შემტევ ფეხბურთს, რადგან იციან, რომ ზურგს უკან პარტნიორები ყველაფერს გააკონტროლებენ და საფრთხეს გაანეიტრალებენ. ასეთ წყვილს შორის აუცილებელია ბუნებრივი ქიმია, თუმცა მისი პოვნა იშვიათია.

ერთ-ერთ მცველს შესაძლოა აკლდეს საჭირო უნარები პარტნიორთან შესათავსებლად, არ ჰქონდეს სწორი მენტალიტეტი, ან უბრალოდ არ ერგებოდეს სისტემას — თითქოს კვადრატული დეტალი მრგვალ ხვრელში.

მაგრამ რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის შემთხვევაში სრულყოფილი ბალანსი არსებობდა: სიმშვიდე და ქაოსი, კონტროლი და აგრესია. სწორედ ამან აქცია ისინი 2000-იანი წლების ბოლოს პრემიერ ლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველების დუეტად — სერ ალექს ფერგიუსონის სანდო ბურჯებად დაცვაში.

ფერდინანდი პირველი მივიდა „ოლდ ტრაფორდზე“, დიდი აჟიოტაჟის ფონზე. „ლიდსიდან“ გადასვლის შემდეგ ის მეორედ გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი — ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 29 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

მისი პირველი სეზონი პრემიერ ლიგის დასამახსოვრებელი ჩემპიონობით დასრულდა, თუმცა კარიერის ადრეული ეტაპი დაჩრდილა 2003 წლის სექტემბერში გამოტოვებულმა დოპინგტესტმა. ამის შედეგად ფერდინანდს 50,000 ფუნტის ჯარიმა დაეკისრა და 8-თვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც მომდევნო წლის იანვარში დაიწყო. ამან გამოიწვია სეზონის დარჩენილი ნაწილის, შემდეგი სეზონის დასაწყისისა და ევრო 2004-ის გამოტოვება.

ვიდიჩის მოსვლამდე ფერდინანდი დაცვის ცენტრში სხვადასხვა პარტნიორთან თამაშობდა — მათ შორის იყვნენ უეს ბრაუნი, ჯონ ო’ში და მიქაელ სილვესტრი. ეს ყველაფერი 2006 წლის იანვარში შეიცვალა..

სერბი მცველი მანჩესტერ იუნაიტედს მოსკოვის „სპარტაკიდან“ დაახლოებით 7 მილიონ ფუნტად შეუერთდა — ეს თანხა სასაცილოდ მცირეა თანამედროვე ფეხბურთში მსოფლიო დონის ცენტრალური მცველების ფასებთან შედარებით.

ვიდიჩი ნამდვილ აღმოჩენად იქცა, მაგრამ ეს მისი პირველი დღეების განმავლობაში ნათლად არ ჩანდა. „იუნაიტედმა“ ფაქტობრივად „ფიორენტინას“ ცხვირწინ ააცალა ფეხბურთელი — ფლორენციაში ტრანსფერი უკვე შეთანხმებული იყო, მაგრამ კლუბს არ ჰქონდა თავისუფალი ადგილი არაევროკავშირის ფეხბურთელისთვის, რამაც ფერგიუსონს მოქმედების საშუალება მისცა.

სეზონის შუაში ახალ გუნდში ჩართვა ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზამთარში უცხო ქვეყანაში ჩადიხარ. ვიდიჩსა და დაცვის კიდევ ერთ ახალწვეულს, პატრის ევრას, ადაპტაციის რთული პერიოდი ჰქონდათ, თუმცა მათ ეს დაძლიეს და ფერგიუსონის მანჩესტერში შექმნილი მესამე და უკანასკნელი დიდი გუნდის განუყოფელ ნაწილებად იქცნენ. მომავლის სიმბოლო იყო ის ფაქტიც, რომ ვიდიჩმა თავისი ლიგის თასის მედალი გულუხვად გადასცა თანაგუნდელ ჯუზეპე როსის.

მართალია, ვიდიჩმა და ფერდინანდმა იმ ნახევარ სეზონში ერთად გარკვეული წუთები ითამაშეს, მაგრამ მათი პარტნიორობა სრულად 2007/08 წლების სეზონში ჩამოყალიბდა. ამ კამპანიის წარმატების მხოლოდ მათზე დაყვანა გამარტივებული იქნებოდა, თუმცა ისინი იმ დაცვის ნაწილი იყვნენ, რომელმაც 38 პრემიერ ლიგურ მატჩში სულ 22 გოლი გაუშვა. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო..

ევროპულ ასპარეზზეც მათი წვლილი უდიდესი იყო. როდესაც „იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგა დაუმარცხებლად მოიგო, გუნდმა 13 მატჩში მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა. ეს იყო დაცვითი დუეტი კარიერის პიკზე და ელეგანტური ედვინ ვან დერ საარის ფონზე კარში — ფაქტობრივად გაუტეხელი ციხესიმაგრე. „იუნაიტედის“ დუბლი მთლიან გუნდურ შრომას ეფუძნებოდა, თუმცა დაცვა ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.

როგორც ქვეყნისა და კონტინენტის მოქმედ ჩემპიონებს, ზოგს ეგონა, რომ სტანდარტები დაეცემოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ექვს ტურნირზე ასპარეზობის პირობებში „იუნაიტედმა“ მოიგო ჩემპიონატი, ლიგის თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ისინი FA Cup-ის ნახევარფინალამდე მივიდნენ, UEFA-ს სუპერთასზე მეორე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ უფრო ძლიერ „ბარსელონას“ დაუთმეს. ერთ მომენტში გუნდმა 1 331 წუთი ზედიზედ არ გაუშვა გოლი — 14-მატჩიანი სერია, რომელიც დღესაც ისეთივე გამაოგნებელია, როგორიც მაშინ იყო.

პრემიერ ლიგაში „იუნაიტედმა“ 28 მატჩი „მშრალად“ ჩაატარა, ხოლო დაცვითი დუეტი PFA-ს წლის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ მოხვდა. ეს იყო სამწლიანი პერიოდი სუფთა დაცვითი ბრწყინვალებისა, რომელმაც გუნდს უპრეცედენტო სტაბილურობა მოუტანა ყველა ტურნირზე. სამწუხაროდ, ამ დონის შენარჩუნება 2009 წლის შემდეგ რთული აღმოჩნდა.

ფერდინანდს 2009/10 წლების სეზონში ტრავმებით დაეტყო — ჩემპიონატში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, ხოლო მომდევნო სეზონში 19. იგრძნობოდა, რომ ის ჯადოსნური ძალა ნელ-ნელა ქრებოდა და ვიდიჩთან ერთად მათი კოლექტიური გავლენა სუსტდებოდა. მათ შემცვლელებად განიხილავდნენ კრის სმოლინგს, ფილ ჯონსს და ჯონი ევანსს — ე.წ. მემკვიდრეებს.

თავად ვიდიჩმაც 2011/12 წლების სეზონის დიდი ნაწილი მუხლის სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა. მიუხედავად ამისა, ორივემ შეძლო ფერგიუსონის ბოლო სეზონში საკმაოდ ბევრი ეთამაშა. საბოლოოდ, მათ პრემიერ ლიგა მოიგეს.. ფერდინანდის ერთადერთი გოლი იმ სეზონში ფერგიუსონის ეპოქის ბოლო გოლი აღმოჩნდა — და ამით დინასტიის კარი დაიხურა.

ფერდინანდისა და ვიდიჩის პარტნიორობაც ნელ-ნელა დასრულდა და დევიდ მოიესის მოსვლამ საბოლოოდ ჩაახშო ის ცეცხლი — შოტლანდიელი ამ დუეტს არასდროს ენდო. როდესაც „იუნაიტედი“ 2013/14 წლების სეზონში მეშვიდე ადგილზე დაეცა, იმავდროულად სრულად ჩაქრა პარტნიორობაც, რომელმაც ერთ დროს გუნდი ააგიზგიზა.

2009/10 წლებში მათ ერთად მხოლოდ 15 მატჩი დაიწყეს, შემდეგ 25, შვიდი, 10 და ბოლო სეზონში 14. ვიდიჩმა, როგორც კულტურულმა გმირმა, კაპიტანმა და ტრიბუნებზე საკუთარი სიმღერის მქონე ფეხბურთელმა — რამდენიმე დიდი ოვაცია დაიმსახურა, სანამ „ინტერნაციონალეში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდოდა.

ფერდინანდი კი, თავის მხრივ, ჩუმი აღიარებით გადავიდა „ქუინს პარკ რეინჯერსში“. ეს ორივე კარიერის ჩამქრალი ნაკვერჩხალი იყო: ვიდიჩმა კიდევ ერთი სეზონი ითამაშა, სანამ მუხლის ტრავმებმა 2016 წლის დეკემბერში ნაადრევად არ აიძულა კარიერის დასრულება, ხოლო ფერდინანდი იშვიათად გამოიყენებოდა იმ სეზონში, როდესაც ქპრ დაქვეითდა, რის შემდეგაც მანაც გამოაცხადა კარიერის დასრულება.

არც ერთს არ მიეცა შესაძლებლობა, დიდებულად დამშვიდობებოდა ფეხბურთს — რაც მათი ინდივიდუალური მიღწევების გათვალისწინებით სამწუხაროა. თუმცა ლოგიკური იყო, რომ ისინი ერთდროულად წავიდნენ. სხვანაირად არც შეიძლებოდა.

ეჭვი არ არსებობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ განსაზღვრა ეს დუეტი — ჩამოაყალიბა მათი კარიერები და გააერთიანა ორი სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე ფეხბურთელი ერთ ძლიერ ძალად.

ისინი იყვნენ აბრეშუმისა და ფოლადის იდეალური ნაზავი, ელეგანტურობისა და აგრესიის ჰარმონია. „ჩელსის“ ჯონ ტერის და რიკარდო კარვალიოს შეეძლოთ მათთვის კონკურენციის გაწევა, თუმცა მათ წინ მსოფლიო დონის კლოდ მაკელელე იდგა. ფერდინანდსა და ვიდიჩს, შედარებისთვის, წინ ასეთი კლასის ჩამშლელი ნახევარმცველი არ ჰყავდათ — მაიკლ კერიკი სრულიად განსხვავებული ტიპის ფეხბურთელი იყო. მათ დაცვა არ სჭირდებოდათ.

მათი პარტნიორობის დინამიკა მკაფიო იყო: ვიდიჩი იყო „ცუდი პოლიციელი“, აგრესორი, რომელსაც არ შეეშინდებოდა შენთვის ადგილის მიჩენის. ის იყო უხეში ორთაბრძოლებში, ძლიერი ჰაერში და მზად იყო, ნებისმიერ ფასად დაეცვა კარი. ფერდინანდი კი უფრო მშვიდი და დახვეწილი ფიგურა გახლდათ, რომელიც პარტნიორს აკონტროლებდა.

მისი პასი და ტექნიკური უნარები ცენტრალური მცველისთვის გამორჩეული იყო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ორივე კომფორტულად თამაშობდა ერთმანეთის ძლიერ მხარეებზე — ვიდიჩს შეეძლო ბურთის თამაში, ხოლო ფერდინანდიც ფიზიკურად ძლიერი იყო. სწორედ ამ ურთიერთგაგებამ აქცია ისინი ასეთ დომინანტ ძალად.

კლუბს ენატრება ვიდიჩისა და ფერდინანდის დრო — ეპოქა, როცა დაცვა საუკეთესო შეტევა იყო. დღევანდელ არეულ გუნდს ძალიან გამოადგებოდა ის სტრუქტურა, რაც ამ დუეტს მოჰქონდა. ყველაზე მეტად კი ლიდერობა აკლიათ — ის, რასაც ისინი უხვად იძლეოდნენ. აშკარაა, რომ „იუნაიტედს“ ფერგიუსონი ენატრება, მაგრამ არანაკლებ ნოსტალგია აქვთ იმ წლების დაცვითი სტაბილურობის.

მათი ადგილი კლუბის დიდების დარბაზში ურყევია, თუმცა მათი მემკვიდრეობა ამით არ შემოიფარგლება. როგორც ცენტრალური მცველების წყვილმა, მათ ისტორია შექმნეს და ტიტულები მოიგეს. მათ განსაზღვრეს, რა სტილისტური განსხვავებებია საჭირო იდეალური პარტნიორობისთვის და დაამტკიცეს, რომ 2006-2009 წლებში მათ დონეზე არავინ იყო. სწორედ ამიტომ გახდნენ ისინი კლუბის ფავორიტები — „იუნაიტედის“ ძვირფასი მარგალიტები, რომლებითაც როგორც კლუბი, ისე გულშემატკივრები ამაყობდნენ.

როგორც ურყევ ძალებს, ვიდიჩსა და ფერდინანდს სრული უფლება აქვთ, ჩაითვალონ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დაცვით დუეტად. ფეხბურთს, „იუნაიტედს“ და ფერგიუსონს ბედნიერება ჰქონდათ, რომ ისინი პიკში ენახათ — კოლექტიური ბრწყინვალების იშვიათი ნაზავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცეკვა, რომელიც ბერნაბეუზე ნაადრევად დასრულდა - ლორი კანინგემის ამბავი
ცეკვა, რომელიც ბერნაბეუზე ნაადრევად დასრულდა - ლორი კანინგემის ამბავი